ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულია
ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის ხსოვნის ტურნირი, რომლის 23-ე გათამაშებას რუსთავმა უმასპინძლა, სუპერლიგის დებიუტანტმა გუნდმა მოიგო. ვსა-მ გასულ სეზონში “ა” ლიგაში დაწყებული წარმატებული სერია ახალ სეზონში, დუდუ დადიანის მემორიალზეც გააგრძელა და ყველა მატჩის მოგებით სუპერლიგის დონეზე პირველ ტიტულს დაეპატრონა.
ბორის პეტეს გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალში გაგრის “ამრა” 82:71 (სტატისტიკა) დაამარცხეს. თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, მანამდე კი მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიდიოდა. პირველ პერიოდში უმეტესად ამრა იგებდა. ვსა-მ ანგარიშის გათანაბრება ბოლო წამებზე მოახერხა და პირველი პერიოდი ფრედ – 24:24 დასრულდა. მეორე ათწუთეულში ვსა-მ ლეგიონერთა ტრიოს დახმარებით მოახერხა უპირატესობის მოპოვება, თუმცა დიდი შესვენებისთვის ეს ანგარიშში დიდად ვერ ასახა – 44:42.
მესამე პერიოდიდან ვსა-მ პრესინგს მიმართა, დაცვა გააძლიერა და შეტევაშიც გზა გაეხსნა. შეუჩერებელი იყო ტურნირი სმომავალი MVP ჯერმეინ ჰედი, რომელმაც მემორიალზე ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 31 ქულა და 6 პასი მიითვალა. მას ფარქვეშ კარგად აზღვევდნენ ქსავიერ ჰილ-მეისი, შაქუან ჯულსი და ანზორ ნადირაძე.
ბოლო პერიოდის წინ ვსა 6 ქულას იგებდა და შესაბამისად, ამრას მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ბესიკ ლეჟავას გუნდის ყოველი მცდელობა, თამაშის მსვლელობა სათავისოდ შეეცვალა, უშედეგო აღმოჩნდა. ვსა-მ თამაში ისე მიიყვანა გამარჯვებამდე, მიუხედავად ანგარიშში არცთუ დიდი სხვაობისა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
მატჩის დასრულების შემდეგ ვსა-ს ლიდერი, ჯერმეინ ჰედი საუკეთესო მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა, რომელიც ამერიკელ ლეგიონერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა. დუდუ დადიანის სახელობის თასი ვსა-ს კაპიტან მაიზერ რევაზაშვილს დუდუს ძმისშვილებმა – სანდრომ და ნიტამ გადასცეს.