საქართველო – ბულგარეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მეორე მატჩი
7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. დინამო არენაზე ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
6 სექტემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ოფიციალური პრესკონფერენცია შედგა. მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნლემა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა უპასუხეს.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. თურქეთთან შედარებით ბულგარეთი განსხვავებული ტიპის გუნდია. სამ დღეში ორი მატჩი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებული რამის გაკეთება გვსურს ან მომავალში ყოველთვის ასე ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით თამაშს გაცილებით უკეთ დავიწყებთ და ვიქნებით გუნდი, რომელიც დომინირებს მოედანზე.
ბულგარეთის წინააღმდეგ 3 წლის წინ, ერთა ლიგის ფარგლებში ვითამაშეთ. ბულგარეთშიც და თბილისშიც კარგი თამაში ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანეთ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. თუმცა, ბოლო პერიოდში ბულგარეთი ძალიან შეიცვალა. უკანასკნელ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ეს გუნდი უფრო მეტად ორგანიზებულია. ჩვენთვის გამოწვევა იქნება, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვიყოთ და ვიპოვოთ მათი სუსტი მხარეები.
ერთა ლიგის ბოლო მატჩებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ძველი სისტემა სამი ცენტრალური მცველით აღარ მუშაობდა. პრობლემები გვქონდა უკრაინასთან და ჩეხეთთან შეხვედრებში. ცვლილება აუცილებელი იყო და ბუნებრივია, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მარტში ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ, ხოლო თურქეთთან რთულ მდგომარეობაში ინდივიდუალურმა შეცდომებმა ჩაგვაყენა. ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ 4-მცველიანი ტაქტიკით. ამან დამარწმუნა, რომ ეს სწორი ნაბიჯია. შესაძლოა, არა მომდევნო რამდენიმე თვის პერსპექტივაში, არამედ მომდევნო წლებზე გათვლით”.
ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მოკლე პერიოდში ძალების აღდგენა ყოველთვის რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხეთ. ასი პროცენტით მზად ვართ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. თურქეთთან თამაშის დასაწყისში კონცენტრაცია დაგვაკლდა და მეტოქემ ამით ისარგებლა. ბიჭებმა ვისაუბრეთ ამის თაობაზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან მსგავსი რამ აღარ განმეორდეს”.
ბულგარეთთან მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთა.
გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრიო): “აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით. ყოველთვის გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და შინაგანი ძალის. არასდროს ვჩერდებით დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს გულშემატკივარს და თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. ეს ვერ მოვახერხეთ თურქეთთან, მაგრამ დარწმუნეული ვარ, თუ იგივე შემართებით ვითამაშებთ, ერთიანობით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ”.
საქართველო – ბულგარეთის მატჩი დინამო არენაზე 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.