დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ვსა ამრას დაუპირისპირდებ

დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. დღეს, რუსთავის სპორტის სასახლეში გამართული ნახევარფინალური მატჩები იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებსაც აღნიშნული ტურნირი არასდროს მოუგიათ. სატიტულო მატჩში სუპერლიგაში “ა” ლიგიდან წელს გადმოსული ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი და გაგრის “ამრა” შეხვდება. ეს უკანასკნელი კლუბ “ოლიმპს” წარმოადგენს, რომელსაც მთავარი სპონსორის გამო ამჯერად “ამრა” ჰქვია.

ნახევარფინალი
ვსა vs მარგვეთი (ზესტაფონი)
სტატისტიკა: 88:71
როგორც აღვნიშნეთ, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი სუპერლიგაში წლეულს გადმოვიდა და სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდეს, დუდუ დადიანის მემორიალის მოგების შანსი აქვს. დებიუტანტისგან სეზონის დაწყებაც ასეთი უნდა – ბორის პეტეს გაწვრთნილმა ვსა-მ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ ნახევარფინალშიც იმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვსა-სთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. ზესტაფონის მარგვეთმა მომავალ ფინალისტს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია – პირველი ნახევარი იმერულმა კლუბმა მოიგო, ვსა-მ მეტოქეს მესამე პერიოდში აჯობა, რის შემდეგაც უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

აკადემიელთა წარმატების გასაღები სწრაფ, აგრესიულ და გააზრებულ თამაშშია. პეტეს გუნდს ძალიან კარგი ლეგიონერები ჰყავს. გასული სეზონის “ა” ლიგის MVP ჯერმეინ ჰედთან ერთად გუნდს 2 ღონიერი მეფარე – ქსავიერ ჰილ-მეისი და შაქუან ლულსი ჰყავს. ეს გახლავთ უძლიერესი ტანდემი, რაც დუდუ დადიანის ტურნირზე ვიხილეთ. ორივეს შეუძლია როგორც ფარქვეშ მეტოქის ძალისმიერი დაჩაგვრა და ფარის დალაშქვრა, ისე – საშუალო, უფრო კი შორი დისტანციებიდან ჩაგდება. ამას რომ ემატება პერიმეტრიდან ჰედის სისხარტე და სამქულიანები (ჰედს ტურნირზე ყველაზე მეტი სამიანი აქვს ჩაგდებული), ვსა შეუჩერებელია.

მესამე პერიოდი ხსენებული სამეულის შედეგიანი თამაშის წყალობით ვსა-მ 26:12 მოიგო და მეტოქე წელში გატეხა. დარჩენილ დროში აკადემიელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს. საინტერესო იყო ნახსენები ამერიკელი მოთამაშეების სტატისტიკა: ჯერმეინ ჰედმა და ქსავიერ ჰილ-მეისმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირეს: ორივემ 23 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. . 14 ქულა და 12 მოხსნა შაქუან ჯულსმა დააგროვა.ზესტაფონელთა გუნდში 21 ქულით საუკეთესო იყო რაჰსან ედვარდსი.

ნახევარფინალი
ამრა (გაგრა) vs ორბი (ტყიბული)
სტატისტიკა: 80:71
ვსა-ს დუდუ დადიანის თასისთვის გაგრის “ამრა” შეეცილება. წინა სეზონში გაუ-ს სახელით მოასპარეზე გუნდი ახლაც კონკურენტუნარიანია. ამრამ დიდი ბრძოლა გადაიტანა ჯგუფში, საიდანაც ბურთების შეფარდებით გავიდა. ნახევარფინალში გაგრელთა მეტოქე ტყიბულის “ორბი” გახლათ, რომელიც ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა შანსს. მეტიც – ორბი უმეტესად ლიდერობდა, მესამე პერიოდის შუაწელში ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ტყიბულელები 12 ქულით (55:43) იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

ამრაში ლეგიონერებთან ერთად ქართველი კალათბურთელებიც გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით კი, ლუკა მაზიაშვილი, რომელმაც ზუსტი შორი სროლებითა და ბურთის სწრაფი გათამაშებით ამრა თამაშში დააბრუნა. ბოლო პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია, რომლის ბოლო წუთებში ამრელთა უპირატესობა აშკარა გახდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა დარჩენილ დროში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი მაზიაშვილი იყო, რომელმაც 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა ემანუელ ანსამ, კელონ ტეილორის ანგარიშზე 12 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. ორბში 17 ქულით საუკეთესო იყო დონდრე რედიკი, გიორგი კობახიძემ კი 14 ქულა მიითვალა.