თსუ-მ და ვსა-მ პლეი ოფი იოლი გამარჯვებებით დაიწყეს

სუპერლიგის საპლეიოფო სერიები დაიწყო დარჩენილ 2 წყვილშიც. მეოთხედფინალური სერიების საწყისი მატჩები გაიმართა ვსა-გურჯაანისა და თსუ-რაშის წყვილებში. ორივე მატჩში მასპინძლად მიჩნეულმა გუნდებმა გაიმარჯვეს – თსუ-მაც და ვსა-მაც დამაჯერებლად მოიგეს და მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდნენ.
თსუ-მ რაშს საქმე მესამე პერიოდში მოუთავა. მანამდე, მთელი პირველი ნახევარი არაფერი ეტყობოდა, რომ მეტოქე გუნდებს შორის რამე სხვაობა იყო. ის კი არა, რაშმა სადებიუტო ჩამორჩენის შემდეგ ძალები მოიკრიბა, ანგარიში გაათანაბრა და დიდი შესვენებისთვის 4 ქულით – 48:44 დაწინაურდა. თამაში არ მისდიოდა თსუ-ს ცენტრ, კარსონ ბაშამს, პერიმეტრიდან კი რაშის კალათბურთელები უკეთესად ირჯებოდნენ.
მესამე პერიოდი და თსუ-ს შტურმი ერთდროულად დაიყო. სამქულიანები, სწრაფი გარღვევები, სამწამიანიდან მეფარეთა პოზიციური შეტევები – თსუ-ს ყველაფერი გამოსდიოდა და ეს ანგარიშში მყისიერად აისახა – მესამე პერიოდის საწყისი 8 წუთი თსუ-მ 28:3 (!) იმარჯვა და რაშს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი უნივერსიტეტელების უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა და მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი პერიოდი იყო, რაშის საქმე მოთავებული ჩანდა და საბოლოოდ ასეც მოხდა. თსუ-მ 90:72 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში დაგეგმილი პირველი მოგება მიითვალა.
თსუ-ში დევონტრე ტომასი იყო საუკეთესო, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 12 ქულა ოთარ ფხაკაძემ, 11-11 კი ალექსანდრე ფევაძემ და კარსონ ბაშამმა მოაგროვეს. ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო, რომელმაც მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა – ხსენებულ 11 ქულას 10 მოხსნაც მიაბა. რაშის შემადგენლობაში 17 ქულით ლაშა მიქელაძე გამოირჩა. 13 ქულა ლუკა ლურსმანაშვილის ანგარიშზეა.
ვსა-ბასკეტბოლის (ამ კლუბის სრული დასახელება სწორედ ეს გახლავთ) იოლი გამარჯვება დაფიქსირდა დღეს გამართულ მეორე მატჩში. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა ვსა-მ გურჯაანის დელტას უმასპინძლა და 26 ქულით – 102:76 (სტატისტიკა) დაამარცხა. მაყურებელმა ბრძოლა მხოლოდ მცირე დოზით – პირველ პერიოდში იხილა. აღნიშნული 10-წუთეული ვსა-მ 27:23 მოიგო, რის შემდეგაც მასპინძელთა დომინაცია გაძლიერდა.
დარჩენილი ყველა პერიოდიც ვსა-ს გამარჯვებით დასრულდა, შესაბამისად, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. რაც დრო გადიოდა, ვსა მეტად ამყარებდა აზრს, რომ გაიმარჯვებდა და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. გამარჯვებულებს ჯერმეინ ჰედმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 17 ქულა დააგროვა შაქუან ჯულსმა, 15 – ქსავიერ ჰილ მეისმა. გურჯაანის გუნდში 13-13 ქულით დანია კინგსბი და სკაილარ პოტერი გამოირჩნენ.
ორივე წყვილში სერიის მეორე მატჩები 26 აპრილს გაიმართება.