საქართველო 3:0 ბულგარეთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბულგარეთს 3:0 სძლია.

დინამო არენაზე ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა. 44-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილის პასით ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე ნიკა გაგნიძემ გაზარდა სადებიუტო სანაკრებო გოლით. მატჩის საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა.

ბულგარეთთან შეხვედრაში ეროვნული ნაკრების რიგებში ნოდარ ლომინაძის დებიუტი შედგა. 23 წლის ნახევარმცველი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების აქტივში 3 ქულაა. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში გამართავს. 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.