გორის ივერიონმა ზესტაფონის მარგვეთი თბილისში, დამატებით დროში დაამარცხა

სანაკრებო ფანჯრის გამო სუპერლიგაში არსებული პაუზა დასრულდა. დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მე-14 ტური თბილისში დაიწყო. არადა, თავდაპირველი კალენდრით ტურის პირველი შეხვედრა რეგიონი უნდა გამართულიყო.
მარგვეთისა და გორის ივერიონის შეხვედრა ზესტაფონში უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო გორელები ლიხსიქით მგზავრობას მოერიდნენ და რადგან ზესტაფონური გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა თბილისში იმყოფებოდა, შეხვედრაც, ცხადია, კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, დედაქალაქში გაიმართა.
დიდებული ბრძოლა გაჩაღდა. ორივე გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება და ცხადია, ორივეს შორსმიმავალი გეგმები აქვს. ამიტომ, გამარჯვებას გორელებიც ეშურებოდნენ და ზესტაფონელებიც. გამარჯვებული კი ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა. არადა, იმერული კლუბი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.
თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე მარგვეთი 88:81 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. რევაზ როგავამ, ივანე მეგენეიშვილმა და შემდეგ ისევ როგავამ უპასუხო ბურთები მიითვალეს და ანგარიში საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე გათანაბრდა – 88:88. დარჩენილ დროში გუნდებმა უშედეგო შეტევები გაცვალეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა.
ოვერტაიმში გორელებმა იმარჯვეს, რაც გუნდური თამაშის დამსახურებაა. ივერიონში საუკეთესო იყო რევაზ როგავა, რომელმაც შეხვედრა 23 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. 21 ქულა და 7 პასი მიითვალა რეჯი მესიდორმა, 16 – ჯეი პალმა, ხოლო ივანე მეგენეიშვილისა და აილერ არბაკლის ანგარიშზე 13-13 დაგროვდა. მარგვეთში 21 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მალიკ მარინი. აკოლ მავეინმა 19 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
სუპერლიგის მე-14 ტურის დარჩენილი 4 მატჩი 1 და 2 მარტს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.