დილა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გორის დილა გახდა. დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში გორულმა კლუბმა საქართველოს თასის მფლობელი, სპაერი 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, სამსაჯო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ხათუნა მაისურაძეს სპეციალური პრიზი და სამახსოვრო მაისური გადასცა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, გადამწყვეტი უპირატესობა დილამ მატჩის მიწურულს მოიპოვა. 86-ე წუთზე ანგარიში ჟოაო არაუჟომ გახსნა, საბოლოო ანგარიში კი, გრიგოლ ჩაბრაძემ დააფიქსირა 92-ე წუთზე.

თამაშის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სუპერთასის მფლობელები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვა.