შენგელიამ ევროლიგის სეზონი მილანთან 15 ქულითა და გამარჯვებით დაასრულა
ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რასთან ერთადაც ტურნირში ასპარეზობა დაასრულა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიურმა გუნდმა 14 მატჩი მოიგო, 20 წააგო და 18-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა. პლეი ოფში 8 საუკეთესო გავიდა.
ბოლო ტურის მატჩში „ვირტუსმა“ თანამემამულე “მილანს” უმასპინძლა და 89:84 დაამარცხეა. სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა – ბოლონიელთა მსგავსად მილანელებს ევროლიგაში რთული სეზონი ჰქონდათ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.
მაჟორულ ნოტზე დაასრულა წლევანდელი ევროლიგა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 15 ქულა (7/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 5/4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 დაფარება, 7 პასი, 2 ჩაჭრა. 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს, მარკო ბელინელიმ 21 ქულა ჩააგდო.
ბოლონიელები ახლა მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც უახლოესი შეხვედრა 16 აპრილს „ტრენტოსთან“ ელით.