ზესტაფონის მარგვეთი სუპელრიგის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ზესტაფონის მარგვეთი გახდა. ირაკლი ძიძიგურის და მისი ასისტენტების – მიხეილ კობეშავიძის, ვატო თევზაძისა და გიორგი ვაშაყმაძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა მესამე ადგილისთვის მატჩში შინაურ და სავსე არენაზე კახეთის წარმომადგენელი – გურჯაანის დელტა 97:79 (სტატისტიკა) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში სუპერლიგის საპრიზო ადგილი პირველად დაიკავა.
წლებია, მესამე ადგილი ერთი მატჩით თამაშდება და ის მეტოქეთაგან იმ გუნდის მოედანზე იმართება, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი უკეთეს ადგილზე დაასრულა. ზესტაფონის მარგვეთი რეგულარულში მე-4 ადგილზე იყო, ხოლო გურჯაანის დელტა – მე-7. ზესტაფონელ ქომაგებთან ერთად ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩს ქალაქის მერიც, ვასილ გველესიანიც დაესწრო, რომელმაც მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
მესამე ადგილის მფლობელთათვის განკუთვნილი მედლები და სიგელები მარგვეთის წევრებს ზესტაფონის მერთან ერთად სუპერლიგის დირექტორის მრჩეველმა, კობა კობიაშვილმა გადასცა. ზესტაფონელებმა ბრინჯაო ალალად დაიმსახურეს. საბოლოო შედეგს რომ თავი დავანებოთ, მარგვეთმა მოახერხა 15-ქულიანი ლიდერობის დაკარგვის შემდეგ ძალების მოკრეფა და უძლიერესი ბოლო პერიოდის ჩატარება.
მარგვეთი თავიდანვე დაწინაურდა, სწრაფი თამაშითა და კომბინირებული – შორი და ახლო დისტანციიდან შეტევებით ქულებს წარმატებით იხვეჭდა. მასპინძლებმა მოიგეს პირველი და მეორე პერიოდი, ხოლო მესამე ათწუთეულის დასაწყისში 15 ქულით გალიდერდნენ. გურჯაანელებმა გაიბრძოლეს – დაცვის ხარჯზე ზესტაფონელებს ქულების მოპოვების გზები გადაუკეტეს, თავად კი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. მესამე პერიოდის დასრულებამდე მარგვეთის 15-ქულიანი ლიდერობიდან მხოლოდ 1 დარჩა – 68:67.
წინ მთელი პერიოდი იყო და ყველაფერი ახლიდან დაიწყო, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ზესტაფონელებმა მატჩის ბედი წუთებში გადაწყვიტეს. კრისტიან ჯონსის ზედიზედ სამქულიანებს აკოლ მავეინმაც სამიანი მოაყოლა, მელიკ მარტინმაც ჩააგდო და სანდრო სანაძემ შორი სროლით წერტილი დასვა. ზესტაფონელთა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია და ცხადი გახდა, რომ დარჩენილ 4-5 წუთში მასპინძლები ბრინჯაოს მედლებს აღარავის დაანებებდნენ.
მარგვეთს 23-23 ქულით ჯონსმა და მარტინმა ულიდერა. ვახტანგ გაფრინდაშვილმა 20 ქულა მიითვალა, სანდრო სანაძემ – 18. გიგანტი აკოლ მავეინის ანგარიშზე 11 ქულა, 13 მოხნა და 5 პასი დაგროვდა. დელტაში 22 ქულით საუკეთესო იყო სკაილერ პოტერი. რიკარდო ლინჩმა 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
სუპერლიგის საჩემპიონო სერია ხვალ, 20 მაისს, ქუთაისში დაიწყება. მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი და თსუ ფინალურ სერიას დაიწყებენ, რომელიც 3 მოგებამდე გაგრძელდება.