ქართული კალათბურთის მწვერვალი | ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალშია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის საუკეთესო 8 გუნდშია, სადაც ასევე არიან ლიეტუვა, გერმანია, საბერძნეთი, სლოვენია, თურქეთი, პოლონეთი, ფინეთი და არ არიან ესპანეთი, სერბეთი, იტალია, ლატვია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა 80:70 (სტატისტიკა) სძლია და პირველად, ისტორიაში ევროპის საუკეთესო 8 გუნდში, მეოთხედფინალში გავიდა.

აქამდე ყველაზე მაღალ შედეგად ითვლებოდა 2011 წელს, სადებიუტო ევრობასკეტზე მე-11 ადგილის დაკავება. მოგვიანებით, 2015 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ პირველივე საფლეიოფო რაუნდში ლიეტუვასთან დამარცხდა და მეოთხედფინალში ვეღარ გავიდა. მას შემდეგ, 10 წელიწადში საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევრობასკეტის ჯგუფიდან და ამაზე აღარ გაჩერდა – მერვედფინალში, საფრანგეთთან ბევრისთვის სენსაცია, ჩვენი მწვრთნელებისთვის, პერსონალისთვისა და განსაკუთრებით მოთამაშეებისთვის ლოგიკური შედეგი დააფიქსირა.

ლოგიკური იმიტომ, რომ ეროვნულ გუნდში არსებული საბრძოლო განწყობა მოედანზე ყველამ კარგად დაინახა. გულის სიღრმეში შესაძლოა ბოლომდე არ სჯეროდათ, მაგრამ ყველა საბრძოლოდ, მოსაგებად იყო განწყობილი და ეს მიზანდასახულობა და შემართება დაფასდა. საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან პირველივე ოფიციალური მატჩი მოიგო, აქამდე კი ორ ამხანაგურ მატჩში 2012 და 2015 წლებში უშანსოდ ჰქონდა წაგებული.

საფრანგეთმა D ჯგუფში ისრაელთან წააგო, მაგრამ მოუგო სლოვენიას, პოლონეთს, ბელგიას, ისლანდიას და პირველ ადგილზე გავიდა. ფრანგები იმდენად დარწმუნებულები იყვნენ გამარჯვებაში, რომ საქართველოს ნაკრები, როგორც ჩანს სათანადოდ არ დაზვერეს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის გასახდელში ნათქვამი ერთ-ერთი შემაგულიანებელი ფრაზა იყო შემდეგი: “ფრანგებს თქვენი თამაშის სტილი და მანერა წინასწარ სათანადოდ არ აქვთ შესწავლილი, რადგან თვლიდნენ, რომ მოგება მათია. ამიტომ, გადით და აჩვენეთ, რომ თქვენ მათი ძლევა შეგიძლიათ”.

ჩვენი ნაკრები გავიდა მოედანზე და ითამაშა უმაღლესი დონის, შედეგზე ორიენტირებული კალათბურთი. შესაძლოა, ყველაფერი ისე იდეალურად არ მიდიოდა, როგორც მწვრთნელმა დაგეგმა, მაგრამ შეუპოვარი დაცვის ხარჯზე, რითაც ფრანგების მძიმე და მსუბუქი არტილერია განეიტრალებული იყო, შეტევაში ბურთის ჩაგდების შანსები მრავლდებოდა. თორნიკე შენგელიას თამაში თავიდანვე წაუვიდა და რამდენიმე გარღვევით ფრანგების ფარი წარმატებით დალაშქრა. პერიმეტრიდან სამიზნე გაისწორა კამარ ბოლდუინმა, რომელიც პირველად, ამ ჩემპიონატზე თავი “ქულების მკეთებელ” მანქანად წარმოაჩინა.

ბოლდუინს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა, მისი გათამაშება და უფრო ხშირად კი შეტევების დაგვირგვინება უწევდა. ამ მილეთ სამუშაოს ის წარმატებით ართმევდა თავს. კამარს შესატევად უფრო ეხსნებოდა არეალი, როცა მოედანზე რატი ანდრონიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. რატი თამაშში კარგად ჩაერთო, ბურთი “ეჭირა”, თუმცა დაცვითი მოქმედებით უფრო დიდი სარგებელი მოჰქონდა ჩვენი ნაკრებისთვის. პირველი პერიოდი ქართველებმა 24:20 მოიგეს და მართალია, ეს იყო მცირედი, მაგრამ მაინც ყურადსაღები განაცხადი გამარჯვებაზე.

ფრანგებმა მეორე პერიოდში ვერაფერი შეცვალეს და ეს უპირველესად ქართველების დაცვის დამსახურება იყო. არც პერიმეტრიდან, არც საჯარიმოს მისადგომებიდან ფრანგებს თამაში სასურველად არ მისდიოდათ. ერთადერთი სახეირო რგოლი მათთვის ცენტრი, გერშონ იაბუსელე იყო, რომელიც ფარზე დომინირებდა. მასთან ჭიდაობას შეალია უმეტესი დრო გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ და ერთიანი ძალებით ნიუ იორკ ნიქსის ცენტრის შედეგიანობა მაქსიმალურად შეიზღუდა.

მეორე პერიოდში ფრანგებმა პერიმეტრიდან რამდენიმე სროლა ჩააგდეს და ანგარიშიც შეამცირეს. დიდი შესვენებისთვის საქართველოს ლიდერობიდან ერთი ქულა დარჩა და ფრანგები იმედიანად გავიდნენ გასახდელში. ალბათ ყველა ელოდებოდა, საქართველო როდის გატყდებოდა, მაგრამ მესამე პერიოდი ქართველებისთვის წინა ორზე უკეთესი აღმოჩნდა. მთავარმა მწვრთნელმა ძალების მოთამაშეებზე გადანაწილება როტაციის ხარჯზე კარგად მოახერხა. ბოსნიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩმა ძირითადად 5 მოთამაშეზე გადაიარა, საფრანგეთთან კი მოედანზე არაერთ სათადარიგოს საკმაო დროით მოუწია მოედანზე ყოფნა. გამოსარჩევია ბექა ბურჯანაძის ბრძოლა და განსაკუთრებით 2 სამქულიანი, რამაც ორჯერვე ფრანგების გაბრძოლებას ცივი შხაპი გადაასხა.

მესამე პერიოდიდან სამწამიანში ფეხი გოგა ბითაძემაც მოიკიდა, სანდრო მამუკელაშვილმა კი ფარქვეშ შესვლებით ფრანგების დაცვა დაქსაქსა და თავად თუ არ აგდებდა, ბითაძეს და შენგელიას უხსნიდა გზას ფარის დასალაშქრად. ყველაფერ ამასთან ბოლდუინი აგრძელებდა შეტევაში აქტიურობას და არაერთი საჭირო სამქულიანი, გარღვევა თუ საშუალო სროლა ჩააგდო. საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდი 20:17 მოიგო და ბოლო ათწუთეულს 4-ქულიანი ლიდერობით შეხვდა.

ფრანგებმა წაგების რეალური საფრთხე იგრძნეს, მაგრამ რამის შეცვლა ვეღარ მოახერხეს. საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდი მედგარი დაცვითა და ბურჯანაძის სამქულიანით დაიწყო. როცა კამარ ბოლდუინმა შორი ორქულიანიც ჩააგდო, შეხვედრის ყველაზე დიდი სხვაობაც დაფიქსირდა – 63:54. თუმცა ფრანგები 2 სამქულიანით თამაშში ისევ დაბრუნდნენ – ფრანცისკომ და ნბა-ს დრაფტის პირველმა პიკმა, ატლანტელმა ზახარი რიზაშემ ქართველების ლიდერობა 3 ქულამდე შეამცირეს.

მხოლოდ დაცვა იყო ის იარაღი, რაც საქართველოს მოაგებინებდა და ყველამ სწორი არჩევანი გააკეთა – პერიომეტრს და სამწამიანს ერთნაირი გულისყურით ვიცავდით და ფრანგებს თავისუფლად შეტევის საშუალებას არ ვაძლევდით. თორნიკე შენგელიას უმნიშვნელოვანესი სამქულიანის შემდეგ, საფინალო სირენამდე 5:22 წუთით ადრე წინ 66:61 გავედით, მაგრამ სილვიან ფრანცისკომ სამქულიანი ისევ მყისიერად დაგვიბრუნა, ოლი ოკობომაც ჩააგდო და – 66:66. ბოლდუინის შედეგიან გარღვევას ოკობომ უპასუხა და თამაშის დასკვნით წუთებს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ.

საქართველოს ნაკრების საკვანძო შეტევა თითქოს ჩაიშალა, კომბინაციით ფრანგების ფარის დალაშქვრა ვერ მოხერხდა და შესატევად განკუთვნილი 24 წამის მიწურულს შენგელიამ იძულებით ნასროლი სამქულიანი ჩააგდო – 71:68 დასრულებამდე 2:45 წუთით ადრე. აქ კი მივადექით იმ მომენტს, რამაც საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოუტანა – ფრანგების მწვრთნელმა შენგელიას სამქულიანის შემდეგ წუთშესვენება არ აიღო და 3 ქულით მოლიდერე ქართველებს ურთულესი შეტევის მოგერიება მოუხდათ. რიზაშეს უზუსტო სამქულიანის შემდეგ ბურთი იაბუსელემ მოხსნა და მეორე ფლანგიდან სამქულიანით უკვე ფრანცისკომ შეუტია – ისევ არაზუსტად და ფარიდან ასხლეტილი ბურთი კვლავ ფრანგებს დარჩათ. ამჯერად რიზაშემ მოხსნა და ჯეილენ ჰოარდს მიაწოდა, რომელიც სამწამიანში შევიდა და … ჰოარდს ნასროლზე გოგა ბითაძემ დააფარა, სანდრო მამუკელაშვილმა ბურთი მოიხელთა და საქართველოს ნაკრები დასრულებამდე 2 წუთით ადრე საციცოცხლოდ მნიშვნელოვან შეტევაზე გადავიდა.