U21 | საფრანგეთი 3:2 საქართველო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული დრამატული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი საფრანგეთმა მატის ტელის პენალტით მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. ვასილიოს გორდეზიანის პასით გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრები საბა საზონოვის გოლით დაწინაურდა, რასაც ფრანგებმა 5 წუთში ჟოან ლეპენანის ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მეტოქემ გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე ტიერნო ბარის გოლით მოიპოვა.

რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დრამატული თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო წუთები. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ჩემი გუნდით და ყველაფრით, რაც ჩვენს თავს ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან დასანანი მარცხი იყო, თუმცა რეალურად თავი იჩინა იმ პრობლემებმა, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო.

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, ბევრი ფეხბურთელი არ არის სათანადო კონდიციაში, თუმცა ისინი ძალიან ნიჭიერები და მამაცები არიან. წარმოუდგენლად ძლიერი ხასიათი აქვთ. მინდა გამოვყო საბა საზონოვის თავდადება და პატრიოტიზმი. ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ რა რთულია მისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასეთ დონეზე შეუცვლელად თამაში.

საფრანგეთი ძალიან მაღალი დონის გუნდია და შეცდომები არ გვაპატიეს. მესამე გოლი ზუსტად იმ ზონიდან გავიდა, სადაც ბოლო წუთებზე ფეხბურთელი დავკარგეთ და სამწუხაროდ ცვლილების შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ასევე, კომპენსირებულ დროზე გაცილებით მეტი, 12-13 წუთი ვითამაშეთ. მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. მთავარია, ძალები აღვიდგინოთ, რადგან ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა აუცილებლად გვექნება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არანაკლებად ძლიერ პორტუგალიას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”.