ჩემპიონი უდანაკარგოდ… ტორპედომ და გაგრამაც მოიგეს
დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური. დღეს სამი მატჩი გაიმართა. ერთპიროვნული ლიდერი გახდა დინამო ბათუმი, რომელმაც თელავში გაიმარჯვა. ქუთაისის ტორპედომ ორი წაგების შემდეგ დილას აჯობა, ხოლო აქამდე უქულო გაგრამ სამტრედიაში მოიგო…
სამტრედია 1:3 გაგრა
გაგრას ამ ტურამდე სამი თამაშიდან სამი წაგება ჰქონდა, ამჯერად კი სამტრედიას სტუმრად მოუგო.
თავიდან სამტრედია დაწინაურდა, როცა გიორგი გოგოლაშვილმა ზუსტად დაარტყა რევაზ ინჯგიას პასის შემდეგ.
თუმცა ტაიმის შუაში, ექვსწუთიან მონაკვეთში გაგრამ ორჯერ გაიტანა. გიორგი პაპუაშვილმა შორიდან დარტყმით მშვენიერი გოლი მიითვალა, მერე კი გიორგი ხარებაშვილმა 1:2 გახადა ანგარიში. იმ მომენტში მათე ვაწაძემაც კარგად ითამაშა, უცებ გაერკვა სიტუაციაში და პასი გაუკეთა ხარებაშვილს.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი ვაწაძემაც გაიტანა. საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი ბურთი კუთხეში… 1:3.
სამტრედიას ჯერ არ მოუგია, ორ-ორი ფრე და წაგება აქვს.
ტორპედო 1:0 დილა
ქუთაისელებს ზედიზედ ორი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული და ამჯერად 1:0 სძლიეს გორის დილას, რომელიც ქულის დაუკარგავად იყო ცხრილში.
ერთადერთი გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა და თან ლამაზიც: მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაახლოებით 15-16 მეტრიდან ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმა მიაყოლა. ეს არაბიძის მეორე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ისე, სანახაობრივი თამაში გამოდგა, ტემპიც მაღალი იყო. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და საბოლოოდ, ერთი გოლი გამოდგა გადამწყვეტი.
თელავი 0:1 დინამო ბთ
მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ გაიმარჯვა და ქულათა მაქსიმუმი აქვს – 12. ბათუმელებმა თელავს სტუმრად მოუგეს დავით მუჯირის გოლით.
38-ე წუთი იყო, ონორე გომისმა ფლანგიდან გააკეთა პასი და მუჯირმა ვარდნაში დარტყმით გაუტანა ყოფილ გუნდს.
მომენტები კიდევ არაერთი იყო, თელავს შეეძლო გათანაბრება და 70-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა კიდეც, თუმცა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-თან კონსულტაციის მერე გააუქმა გოლი.
თელავმა სეზონში ერთხელ მოიგო და სამჯერ წააგო, ამ დროს კი ბურთების შეფარდება დადებითი აქვს. შეგახსენებთ, დინამო თბილისს 4:0 სძლიეს.