რატი ანდრონიკაშვილი მოედანს ბარსელონასთან დაუბრუნდა
2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რატი ანდრონიკაშვილი მოედანს დაბრუნდა. ესპანური სარაგოსას 22 წლის ქართველისთვის წინა მატჩი, რომელიც 6 იანვარს, გრანადას წინააღმდეგ ითამაშა, სადებიუტო იყო და სწორედ იმ შეხვედრაში დაშავდა. მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა, რატი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც იმყოფებოდა, მაგრამ მწყობრში არ იყო და ესპანეთში დაბრუნდა.
ანდრონიკაშვილმა 2-თვიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში, ბარსელონასთან ითამაშა. შეხვედრა კატალონიაში გაიმართა და ბარსელონას იოლი გამარჯვებით – 109:68 დასრულდა. ქართველი უკანახაზელი მოედანზე 7:12 წუთით გამოჩნდა და 2 ქულასთან ერთად 2 პასი მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 2 ორქულიანიდან ერთი ჩააგდო.
9 მოგებითა და 14 მარცხით სარაგოსა მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 9 მარტს, სარაგოსა გრან კანარიას სტუმრად დაუპირისპირდება.