გამოცემა El Mira: “ლუკა გაგნიძემ უკვე მოიგო “გრანადას” ქომაგთა გულები”

ესპანურ “გრანადაში” 22 წლის ლუკა გაგნიძის ტრანსფერს ოპტიმისტურად ვუყურებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან ნიჭიერი საყრდენი ნახევარმცველი საფუძვლიანად დამკვიდრდება ევროპულ ფეხბურთში. მართალია, ის კონტრაქტით ჯერ კიდევ მოსკოვის “დინამოს” კუთვნილებაა, მაგრამ კარგად დაიწყო “გრანადაში” და ეს იმედს გვაძლევს, რომ მალე საბოლოოდ დაშორდება რუსულ კლუბს.
გაგნიძეს წერილი მიუძღვნა ადგილობრივმა გამოცემა “მირამ”, რომელიც წერს, რომ ქართველი ნახევარმცველის გამოჩენამ “გრანადას” გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა:
“თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონის დასაწყისი “გრანადასთვის” საშინელი აღმოჩნდა. 18 შესაძლებლიდან გუნდმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გვირაბის ბოლოს შუქი საერთოდ არ ჩანს. არის მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი და სწორედ ამ გამონაკლისზე ამყარებენ იმედებს გულშემატკივრები…

დიახ, ლაპარაკია ლუკა გაგნიძეზე. ქართველმა ნახევარმცველმა, ვინც სეზონის ბოლომდე იჯარით მოვიდა მოსკოვის “დინამოდან”, “გრანადას” შემადგენლობაში სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა, მაგრამ ეს შეხვედრები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვივარაუდოთ – ხოსე პაჩეტას გაწვრთნილი გუნდისთვის ის უბრალოდ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება. ამას კარგად ხვდებიან “გრანადას” გულშემატკივრები და ამას უნდა უკავშირდებოდეს ის ქება, რასაც სოციალურ ქსელში გაგნიძის მიმართ უკვე ხშირად ვხვდებით.
“გრანადას” შემადგენლობაში დებიუტი “ლეგანესთან” მატჩში ჰქონდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მინდორზე ის საკმაოდ გვიან შევიდა. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 0:2 იყო მეტოქის სასარგებლოდ. ამის მერე ის სასტარტოში გამოჩნდა “ხაენთან” მატჩში, მაგრამ პირველი ნახევრის შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. და აი, როცა “ბურგოსთან” დაპირისპირებაში პაჩეტამ მეტი სათამაშო დრო მისცა, ის მართლაც რომ განსაკუთრებული იყო მინდორზე.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაგნიძე “გრანადაში” უნიკალური სათამაშო თვისებებითაა გამორჩეული. ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ეს ფეხბურთელი ძლიერი ხასიათითაცაა გამორჩეული, მივხვდებით, რომ მაშველად ევლინება რთულ მდგომარეობში მყოფ პაჩეტას გუნდს. იმის მიუხედავად, რომ “გრანადას” მაისურით გაგნიძეს ჯერ ბევრი არ უთამაშია, ის უკვე იქცა ფანების რჩეულ ფეხბურთლად. მან ქომაგთა გულები მოიგო.
ავიღოთ იმავე “ხაენთან” მატჩი. ამ შეხვედრაში გაგნიძემ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. 30-ე წუთის შემდეგ, როცა ის მინდვრიდან დაზიანების გამო გავიდა, “გრანადას” თამაში მკვეთრად გაუარესდა. სწორედ ამას მოჰყვა მარცხი (2:3). მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პაჩეტამ აღნიშნა კიდეც, რომ გაგნიძის არყოფნამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
“გრანადას” საბედნიეროდ, ქართველი ფეხბურთელის ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული და “ბურგოსთან” შეხვედრაში მან საკმაოდ მიიღო სათამაშო წუთები. გაგნიძე მინდორზე 56-ე წუთზე შევიდა. ათიოდე წუთში გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმარმა გუნდმა სხვა საგოლე მომენტები ვეღარ გამოიყენა, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ გაგნიძე “გრანადაში” ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო.
ის ყველანაირ თვისებას ფლობს საიმისოდ, რომ პაჩეტას გუნდისთვის, ამ მწვრთნელის სტრატეგიისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცეს. მართალია, ქართველ ფეხბურთელს ჯერ კიდევ სჭირდება შეჩვევა ესპანურ ფეხბურთთან, მას ნამდვილად აქვს პოტენციალი.
როცა ადაპტაციის პროცესი დასრულდება, ის კიდევ უფრო მოუმატებს. გულშემატკივრები წერენ, რომ ლუკა უდავოდ სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა, ადარებენ ალმასს და იმ იშვიათ ფეხბურთელად წარმოაჩენენ, ვინც შანსს იმსახურებს”, – წერენ ესპანელები.

lelo.ge