ალექსანდრე ნარიმანიძე: “…ჩვენც მეტს ველოდით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ”
– სანდრო, მოდი, ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ…
– სანამ ფეხბურთზე შევიდოდი, ბურთი უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში მთავარი ნივთი. ორი წლიდან უკვე ბურთს დავდევდი. 5 წლისა შემიყვანეს ფეხბურთზე, “საბურთალოს” საფეხბურთო სკოლაში. ამ გუნდის გარდა, საქართველოში არც არსად მითამაშია.
– ოჯახი როგორ უყურებდა ფეხბურთით თქვენს გატაცებას?
– გვერდში მედგნენ თავიდანვე და ახლაც ასეა. სპორტული ოჯახი გვაქვს, მამა ყოფილი მორაგბეა… ამის მიუხედავად, მას არასოდეს დაუძალებია, რომ გინდა თუ არა, რაგბიზე მევლო. ზოგადად, მას არ უყვარს რაღაცის დაძალება… ისევ ბოლომდე გვერდით მიდგას. მეც ვითვალისწინებ მის რჩევებს. ყოველდღიურად ვსაუბრობთ, ვგეგმავთ, როგორ უნდა განვითარდეს ჩემი კარიერა…
– პირველ მწვრთნელებზეც მოგვიყევით…
– ამაშიც ძალიან გამიმართლა. ჩემი პირველი მწვრთნელები იყვნენ ნოდარ ჭელიძე და ლევან ხორხელი – ძმები ხორხელების მამა. ძალიან ბევრი მასწავლეს, მუდამ მათი მადლიერი ვიქნები.
– თავიდანვე ცენტრალური მცველი იყავით?
– კი, სულ ცენტრალურ მცველად ვთამაშობ. ისე, ფორვარდობაც მიზიდავს, ოღონდ, ამ ამპლუაში მხოლოდ უბანში ვთამაშობ ხოლმე…
– “საბურთალოს”, ანუ დღევანდელი “იბერია 1999-ის” ძირითად შემადგენლობაში დებიუტი თუ გახსოვთ?
– რა დამავიწყებს?! მაშინ, ჯერ 19-წლამდელთა გუნდში ვიყავი. “დინამოს” ვეთამაშებოდით. ფიზმომზადების მწვრთნელთან ვვარჯიშობდი ინდივიდუალურად, როცა დამირეკეს და მითხრეს – ძირითად გუნდში ხარ დაძახებულიო. “დინამოსთან” ვითამაშე კიდეც. მაშინ გიორგი მიქაძე იყო მთავარი მწვრთნელი.
– სლოვაკეთში როგორ აღმოჩნდით?
– სხვათა შორის, ჯერ კიდევ ადრე იყო ინტერესი სლოვაკეთიდან, “დუნაისკა სტრედადან”. მაშინ გადავწყვიტე, ადრე იყო წასვლა და ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ გარკვეული ხნის განმავლობაში ისევ საქართველოში ვითამაშებდი. მერე “ჟილინას” ვარიანტი გამოჩნდა და მაინც წავედი სლოვაკეთში.
– ცხადია, სლოვაკეთის ჩემპიონატი ტრამპლინად უნდა გამოიყენოთ…
– ამის დიდი იმედი მაქვს. უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალი დონის პირველობაა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ნამდვილად შეუძლია დახვეწოს თავისი ოსტატობა. “ჟილინას” ასეთი გეზი აქვს – ამზადებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მერე მათ კარგ კლუბებში ყიდის. მიმაჩნია, რომ ეს ეტაპიც უნდა გავიარო.
– კიდევ რას გვეტყოდით “ჟილინაზე”?
– კარგი გუნდი გვყავს, ახალგაზრდული… სწრაფ, შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. მთლიანობაში ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის შესანიშნავი გარემოა შექმნილი. ტემპი მაღალია, კარგი ინფრასტრუქტურაა…
– სლოვაკეთში მოთამაშე ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– კი. ცოტნე კაპანაძე სულაც ჩემი თანაგუნდელი არ იყო?! გურამ კაშიასთანაც – უდიდესი გამოცდილება აქვს… კაპანაძესთან ჩავდივარ კიდეც, როცა ამის საშუალება მაქვს.
– ჟილინა როგორი ქალაქია?
– ძალიან წყნარი, მყუდრო… ძალიან მომწონს… ჩემი პირველი გასვლაა საზღვარგარეთ. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. ვიცი, რომ კონცენტრირებული უნდა ვიყო.
– მწვრთნელი როგორი თვალით გიყურებთ?
– “ჟილინას” მთავარი მწვრთნელია პავოლ სტანო. მისგან ძალიან დიდ ნდობას ვგრძნობ და ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის. გამუდმებით მაქვს მასთან კომუნიკაცია, მითითებს ხოლმე, რაზე უნდა ვიმუშაო, რომელი საფეხბურთო კომპონენტების გაუმჯობესებაზე უნდა გავამახვილო ყურადღება…
– მაინც რაზე მიგითითებთ?
– მჭირდება სისწრაფე უფრო მოკლე დისტანციაზე. 2-3 მეტრის დისტანცია მაქვს მხედველობაში, თორემ ფეხი თუ გავშალე, თუ არის საამისო დისტანცია, სირბილი არ მიჭირს. ტანმაღალი ვარ და ესეც ხელს მიწყობს.
– სლოვაკეთის ჩემპიონატი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა. ხომ არ გაგიჭირდათ?
– თავიდან იყო რაღაც ასეთი, მაგრამ მერე მივეჩვიე. ახლა არანაირი პრობლემა არ არის ამ კუთხით.
– რას იტყვით სლოვაკეთის ჩემპიონატში “ჟილინას” სტარტზე?
– კარგად დავიწყეთ იმის მიუხედავად, რომ სეზონის სტარტამდე კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდა. ერთი MLS-ში წავიდა, მეორე “სტრასბურში”, მესამე – გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში…
– რა არის გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში?
– ევროტურნირების საგზურის მოპოვებისთვის ვიბრძვით.
– ახალგაზრდულ ნაკრებზე უნდა გკითხოთ. ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში მეტს ველოდით, თუმცა, ალბათ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა…
– ჩვენც მეტს ველოდით. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მეტი უნდა მოვთხოვოთ. თანაც, ძალიან მაღლაა აწეული ახალგაზრდული ნაკრების თამასა. თითოეული ფეხბურთელისთვის კარიერის განსაკუთრებული ეტაპია იქ მოხვედრა. მჯერა, ამ გუნდს პოტენციალი აქვს. აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა მომავალ მატჩებში.
– ის ეპიზოდი უნდა გაგახსენოთ, მატჩის ბოლოს წაგებას რომ გადაგვარჩინეთ – ინსტინქტების დონეზე იმოქმედეთ, თუ…
– ალბათ, ორივე ერთად. დავინახე, რომ დასწრებაზე ითამაშებდა ჩრდილოირლანდიელთა ფორვარდი და მეც დავიწყე მოძრაობა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია – მცველის მოვალეობა გუნდის გადარჩენაა…
– საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რას ფიქრობთ?
– გადაჭარბების გარეშე ვიტყვი – ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს. ეროვნულ გუნდში მოხვედრა ჩემი მთავარი საფეხბურთო ოცნებაა. თურქეთთან დასანანი მატჩი კი წავაგეთ, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. მჯერა, კიდევ არაერთხელ ვიტყვით ჩვენს სიტყვას.
– საყვარელი ნაკრები, კლუბი, ფეხბურთელი…
– საქართველოს ნაკრების მერე, არგენტინის დიდი გულშემატკივარი ვარ. ვარ ასევე ლეო მესის ფანი და მიყვარს “ბარსელონა”. “ბარსას” მერე “ლივერპულს” ვიტყოდი – იურგენ კლოპი მომწონს ძალიან, როგორც მწვრთნელი.
– რეჟიმს ბოლომდე იცავთ?
– კი, აბსოლუტურად ბოლომდე! არც საქართველოში ვიყავი დამრღვევი და არც აქ ვარ. ფეხბურთს როცა ირჩევ, თავისთავად მზად უნდა იყო, რომ რეჟიმს ერთგულად გაჰყვე. აქ ისეთი სიტუაციაა, ისეთი ქალაქია, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ დაარღვევ…
– რა შემთხვევაში იტყვით, რომ თქვენი კარიერა ბოლომდე შედგა?
– საქართველოს ნაკრებში მოხვედრის მიზანსა და ოცნებაზე უკვე გითხარით. კიდევ იმ შემთხვევაში ვიტყვი, თუ ხუთი წელი მაინც სისტემატურად ვითამაშებ რომელიმე ევროპულ ტოპლიგაში…