გიორგი მერებაშვილი: “ქართული კლუბებისგან მეტს ნამდვილად არ ველოდი, ექვს თვეში კონკურენტუნარიან გუნდს ვერავინ გააკეთებს”!..
გიორგი მერებშვილთან ფეხბურთზე საუბარს არაფერი ჯობია. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილი შემტევი ახლა 39 წლისაა, პოლონეთშია და ჯერ კიდევ თამაშობს, თან მწვრთნელობს კიდეც.
გიორგის სწორედ პოლონეთში დავუკავშირდით და ვრცელი ინტერვიუც ჩავწერეთ. ვილაპარაკეთ მის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაზე, საქართველოს ნაკრებზე, ჩვენს საკლუბო ფეხბურთზე… მოკლედ, დავიწყოთ…
– როგორც ვიცით, კვლავ აგრძელებთ საფეხბურთო კარიერას და პარალელურად სამწვრთნელო ასპარეზზეც ხართ…
[ექსკლუზიური ინტერვიუ] გიორგი მერებაშვილი: “ქართული კლუბებისგან მეტს ნამდვილად არ ველოდი, ექვს თვეში კონკურენტუნარიან გუნდს ვერავინ გააკეთებს”!..
02:02 2025.09.24
ავტორი
ალეკო კაკაურიძე
გიორგი მერებშვილთან ფეხბურთზე საუბარს არაფერი ჯობია. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილი შემტევი ახლა 39 წლისაა, პოლონეთშია და ჯერ კიდევ თამაშობს, თან მწვრთნელობს კიდეც.
გიორგის სწორედ პოლონეთში დავუკავშირდით და ვრცელი ინტერვიუც ჩავწერეთ. ვილაპარაკეთ მის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაზე, საქართველოს ნაკრებზე, ჩვენს საკლუბო ფეხბურთზე… მოკლედ, დავიწყოთ…
– როგორც ვიცით, კვლავ აგრძელებთ საფეხბურთო კარიერას და პარალელურად სამწვრთნელო ასპარეზზეც ხართ…
– ასეა. ახლა ვთამაშობ პოლონეთის რანგით მეოთხე ლიგის კლუბში, რომელიც წარმოადგენს ქალაქ ლანდეკს და მისი სახელია “სპუინია”. პოლონეთში მეოთხე ლიგა რეგიონული პრინციპით ტარდება. ბევრი გუნდია და ასე გადაწყვიტეს. რეგიონული პრინციპი იმითაა მოსახერხებელი, რომ დიდი მანძილის დაფარვა არ გიწევს. გასვლით თამაშებზე მატჩის დღეს მივდივართ ხოლმე. ხშირად საათნახევარში ადგილზე ვართ…
რაც შეეხება გუნდის მიზნებს, მაინცდამაინც გადასვლა არ უნდათ. ისე კი კარგი გუნდი გვყავს. ჩემპიონატიც კარგად დავიწყეთ და, იმედია, ასეც გავაგრძელებთ. კარგი მწვრთნელი გვყავს. ლეგიონერი ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ გუნდში. იაპონელი ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ ტრავმა მიიღო.
პრინციპში, არც მე ვითვლები ლეგიონერად. უკვე მაქვს პოლონეთში უვადო მუშაობისა და ცხოვრების უფლება. ოფიციალურად ვიქნები საქართველოსა და პოლონეთის ორმაგი მოქალაქე. ერთი ეგ არის, აქაურ არჩევნებში ვერ ვიღებ მონაწილეობას…
– სამწვრთნელო საქმიანობა რას იტყვით?
– თან ვთამაშობ და თან მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი ვარ. როგორც გითხარით, ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს და ჩემთვის უაღრესად კომფორტულია მასთან მუშაობა. წინა შემთხვევა რომ ავიღოთ, ვისი ასისტენტიც ვიყავი, მაინცდამაინც არ იზიარებდა ჩემს აზრებს. აქ ხედვებში სრული თანხვედრა გვაქვს.
თანაც, ბევრს აკეთებს ეს კაცი ჩემი სამწვრთნელო განვითარებისთვის. არ არის ისე, რომ მხოლოდ გუნდი გავახურო და მორჩა. ყველაფერზე მეკითხება აზრს და ითვალისწინებს. ვარჯიშების ჩატარება იქნება თუ სხვა კომპონენტები, არაფერში შეზღუდული არ ვარ. სადღაც 50/50-ზეა გადაწყვეტილების მიღების დროს. მოკლედ, თავს კარგად ვგრძობ.
– ისე, სხვა ვარიანტები იყო?
– კი, იყო. პრაქტიკულად, წასული ვიყავი პოლონეთის პირველი ლიგის, ანუ რანგით მეორე ლიგის კლუბ პლოცკის “ვისლაში” – ჩემს ყოფილ კლუბში. ვინც იყო აკადემიის კოორდინატორი, ის ინიშნებოდა გუნდში და ასისტენტობა შემომთავაზა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ… ბოლო წუთს შეიცვალა სიტუაცია…
არც ვნანობ, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვერ ვიტყვი, ექსტრაკლასაში ვინმემ რომ დამიძახოს, არ წავალ-მეთქი, მაგრამ აქ მართლა ყველაფერი მომწონს. კიდევ ეღთი, მაქსიმუმ ორი სეზონი ვითამაშებ და მერე მხოლოდ სამწვრთნელო საქმეზე გადავერთვები. ჯანი მომდევს, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და რატომ არ უნდა ვითამაშო?!
– ისე როგორ იქნება, საქართველოს ნაკრებზე არ გკითხოთ და არ შევაფასოთ ეროვნული გუნდის მიერ გამართული ბოლო მატჩები…
– მიმაჩნია, რომ თურქეთთან მატჩს ცოტა მეტი ემოციით შევხვდით. შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრა იყო და მოგების გარდა, არცერთ შედეგს არ განვიხილავდით. მთლიანობაში ისე გამოვიდა, რომ ჩვენ მიერ დაშვებული ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ. თურქეთმაც შეგვისწავლა. ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნის წინ არ ვეთამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე?!
რაც შეეხება ბულგარეთის ნაკრებთან მატჩს, გუნდებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. აქ უკვე აღარ გამოჩნდა, გადაიფარა ის პატარ-პატარა შეცდომები, რომლებიც დავუშვით თურქეთთან და რაც მეტოქემ არ გვაპატია. გვახსოვს, რა ბურთი მოიგერია გიორგი მამარდაშვილმა მატჩის დასაწყისში… თურქეთი ძლიერი ნაკრებია, დიდ გუნდებში ჰყავს ფეხბურთელები. თქმა რად უნდა, ძალიან დაგვაკლდნენ ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლაშა დვალი…
– როგორ ფიქრობთ, რეალურად შეგვიძლია მეორე ადგილზე გასვლა?
– რთული იქნება, მაგრამ… თურქეთში რა ატმოსფეროც იქნება, ყველამ ვიცით. მაშინაც არაერთხელ მითქვამს, როცა საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და ახლაც იმავეს გავიმეორებ – მთავარია, იმ კონკრეტულ მომენტში ფეხბურთელები სრულ მენტალურად და ფიზიკურ მზადყოფნაში იყვნენ. თუ ბიჭები ფორმის პიკში იქნებიან, მაშინ თურქეთში მოგება სავსებით შესაძლებელია.
– როგორც მწვრთნელს, ისე გკითხავთ – როგორ გგონიათ, ხომ არ აჯობებდა, თურქებთან საშინაო მატჩში ისევ სამი ცენტრალური მცველით გვეთამაშა?
– რთულია ჩემგან ამაზე საუბარი… ვილი სანიოლმა, როგორც მწვრთნელმა, ყველაზე უკეთ იცის, იმ კონკრეტულ შემთხვევაში რა ჯობდა და როგორ… მაგრამ მაინც ვიტყვი ჩემს აზრს – სიმართლე გითხრათ, ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვერ ვიტანდი ხუთმცველიან სქემას. არადა, ახლა რომ ვაკვირდები, ძალიან მაგარი სქემაა, ოღონდ თუ გყავს შესაბამისი ფეხბურთელები.
ამ სქემის პლუსი ისაა, რომ შეტევაშიც საკმაო რესურსი გაქვს და დაცვაში ხომ თავისთავად არ ტოვებ სივრცეებს. საქართველოს ნაკრები ბოლო დროს სწორედ ამ სქემით თამაშობდა. ჩემი აზრით, ახალი სქემა უპრიანია გამოიყენო ან ამხანაგურ მატჩში და მერე იქედან გააკეთო დასკვნები, ან ისეთ თამაშში, რომელშიც იცი, რომ დიდი ალბათობით მოიგებ. მაგალითად, ბულგარეთთან შეხვედრაში. ისე კი, როცა ყველაფერი ჩავლილია, მერე ადვილია ლაპარაკი. რომ მოგვეგო თურქეთთან, სხვანაირად შევხედავდით ამ საკითხს.
– საქართველოს ჩემპიონატისთვის თუ ახერხებთ თვალის მიდევნებას?
– ახლა მხოლოდ იმას ვახერხებ, რომ ფრაგმენტულად მივადევნო თვალი, ვთქვათ, 15-20 წუთი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ – მიუხედავად იმისა, რომ გაშუქება არის, დონე ძალიან დაბალია.
– ალბათ, ევროთასებზეც მეტს ელოდით ქართული კლუბებისაგან…
– სიმართლე გითხრათ, მეტს არ ველოდი. რაზეა ლაპარაკი, როცა გუნდის ბირთვს 6 თვითაც კი ვერ ვინარჩუნებთ. მწვრთნელების ამბავი ხომ ცალკე თემაა. წავიკითხე, გია გეგუჩაძე “იბერიიდან” წავიდაო. სულ თვენახევარი თუ ორი თვე იმუშავა გუნდში. ასეთ დროში რა უნდა მოასწრო?!
მწვრთნელის თემა მეტად ფაქიზია და სპეციფიკური. შეიძლება, მივიდეს გუნდში და ეგრევე კარგად აეწყოს ყველაფერი. უფრო ხშირ შემთზვევაში კი მას დრო სჭირდება. თუნდაც ორი წელი. სჭირდება იმისთვის, რომ ნახოს, სად სჭირდება გუნდს გაძლიერება, სადაა საჭირო ლეგიონერი და ასე შემდეგ.
– და მაინც, რა არის მთავარი პრობლემა ჩვენს საკლუბო ფეხბურთში?
– შორს ვარ საქართველოდან, მაგრამ მაინც ვიტყვი ჩემს აზრს. ადრე საერთოდ არ იყო გაშუქება. ახლა შეიძლება იდეალურად ვერ შუქდება ჩვენი საკლუბო ფეხბურთი, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც არის. ადრე ყველა ვიხვეწებოდით ამას. მე პრობლემებზე საუბარს მაინც მწვრთნელებიდან დავიწყებდი. აქ უფრო ბავშვთა ფეხბურთს ვგულისხმობ.
არის კატეგორია მწვრთნელებისა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ფეხბურთში, რომ ოჯახი არჩინონ. მე მათ ვერ გავკიცხავ, მაგრამ შედეგი? ბევრი არაპროფესიონალია. ასეთები პოლონეთშიც არიან. მაგალითად, “პოდბესკიძიეს” 17-წლამდელთა გუნდში რომ ვიყავი ასისტენტად, რეალურად ვხედავდი ამას, მაგრამ ჩემი სტატუსის გამო ვერ ვამბობდი ღიად.
– არადა, თქვენს დროს არც ამაზე მეტი ფინანსები იყო, არც ინფრასტრუქტურა და, ვთქვათ, “ცრვენა ზვეზდას” ვამარცხებდით, თუნდაც – თბილისში…
– მაშინ იმ “დინამოს” 3 გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავდა, დანარჩენები სულ ახალგაზრდები ვიყავით. მიმაჩნია, რომ მომდევნო სეზონში რომ ჰყოლოდა გუნდს იგივე ბირთვი და დაგვემატებინა 3 კარგი ლეგიონერი, შეიძლებოდა ევროტურნირებზე წარმატების მიღწევა.
ისევ ბირთვის შენარჩუნების პრობლემასთან მივდივართ. იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მაშინ “დინამოში” მე, გურამ კაშია, მათე ვაწაძე, ლევან ხმალაძე და სხვები… არ მინდა, ვინმე გამომრჩეს… “დინამოს” აკადემიიდან მოვდიოდით. მინდორზე უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. მთავარი მწვრთნელი კი კახა კაჭარავა იყო, ვინც ჯერ კიდევ აკადემიიდან მოგვყვებოდა. მაშინ სად იყო კონფერენსლიგა, მსგავსი ფუფუნებები…
– ფაქტია, ძალიან დიდი დისბალანსია სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთს შორის…
– ასეა და ეს ძალიან ცუდია. სანაკრებო პროგრესმა შედეგად ის მოიტანა, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართველ ფეხბურთელებზე. ჩვენს დროს სად იყო ასე – ევროპა რასაც ჰქვია, მგონი მხოლოდ გურამ კაშია წავიდა “ვიტესში”. მე არ მახსენდება, ყველა ტოპჩემპიონატში გვყოლოდა ფეხბურთელი. სახელი და გვარი რომ არ გამიგია, ისეთი ფეხბურთელები მიდიან თუნდაც კარგი კლუბების აკადემიებში.
მეორე მხრივ, ეს გადინებას იწვევს ეროვნული ჩემპიონატიდან. როგორ გინდა, შენ ფეხბურთელი გააჩერო საქართველოში, როცა შეთავაზებები აქვს სოლიდური ქვეყნის სულიდური კლუბებიდან? ადრე რუსეთსა და ყაზახეთში მიდიოდნენ ძირითადად ქართველი ფეხბურთელები. ახლა ყველა ვხედავთ, სადაც მიდიან. ნაკრების პროგრესმა სულზე მოგვისწრო, თორემ სად წავიდოდნენ ჩვენი ბიჭები?
ევროპული ბაზარი მიუწვდომელი იქნებოდა ჩვენთვის, რუსეთში ვეღარ გავიდოდით და აზერბაიჯანში კი ისეთი ფეხბურთელები ჩაჰყავთ უცხოეთიდან… სულ ჩავიკეტებოდით. მოკლედ, დღეს არის გაძლიერების გზა გუნდებისთვის, რომ ადგილობრივ კადრებს დაამატონ კარგი ლეგიონერები და შეინარჩუნონ ბირთვი.
– ლეგიონერები ჩვენთან ხშირად ვერ ამართლებენ…
– მათაც დრო სჭირდებათ ზოგადად. ერთ მაგალითს გეტყვით. როცა სერბულ “ვოივოდინაში” წავედი და ვითამაშე, ორი წლის განმავლობაში 6-7 ფეხბურთელი გაყიდეს, ოღონდ, სულ – სერბები და თანაც – სულ კარგ კლუბებში. მათ შორის იყო დუშან ტადიჩიც.
ლეგიონერებს ბოლომდე გამოწურავდნენ ხოლმე, რომ მათ გვერდით სერბები გაზრდილიყვნენ. ჩემზე არ ვიტყვი, თუმცა მიმაჩნია, რომ მაშინ ვიმსახურებდი უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში თამაშს. ერთი კამერუნელი ფორვარდი გვყავდა, ძალიან მაგარი ფეხბურთელი. არ გაყიდეს არაფრის დიდებით, სანამ კონტრაქტი არ ამოეწურა.
მერე ბელგიაში ითამაშა. ლეგიონერს მაშინ ელეოდნენ, როცა კონტრაქტი ეწურებოდა, თანაც, თუ მოსწონათ, იმ შემთხვევაში. იცით, რატომ? ფიქრობდნენ, რომ კვალიფიციური ლეგიონერის გვერდით ახალგაზრდა სერბები სწრაფად და ხარისხიანად გაიზრდებოდნენ. ექვს თვეში ერთხელ ასე თუ ისე კონკურენტუნარიან გუნდს ვერავინ გააკეთებს – ეს აქსიომაა!
lelo