საქართველო – ჩეხეთი | 21 ივნისის განრიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

20 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. 21 ივნისს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტში გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე მატჩის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის და ჩეხეთთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “კიდევ ერთხელ მინდა სრულიად საქართველოს, გულშემატკივარს მივულოცო ისტორიული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე. აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი, აღიმართა ჩვენი დროშა და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს იყო. ემოციური დღე იყო, ამდენი ქართველი გულშემატკივარი და გარემო, რომელიც დორტმუნდში სუფევდა განსაკუთრებული იყო. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და მთავარ მწვრთნელს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გვეამაყა. ვიყავით ამაყები და ამავდორულად გულდაწყვეტილები, რადგან შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, არ ასახავდა თამაშის სურათს.

ტურნირი გრძელდება და ფეხბურთელები სრული კონცენტრაციით ემზადებიან მომდევნო მატჩისთვის. განსხვავებული თამაში გველის. სხვა მოწინააღმდეგე გვყავს, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. რთული მატჩი იქნება, თუმცა ყველაფერი კეთდება, რომ თამაშისგან არა მხოლდო პოზიტიური ემოციები, არამედ შედეგიც მივიღოთ. ქულები და თამაშის მოგება გვჭირდება, იმისთვის, რომ დიდი ხანი დავრჩეთ ევროპის ჩემპიონატზე და გავიხანგრძლივოთ ეს არაჩვეულებრივი დღეები”.

21 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)
10:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

18:30 – საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (ჰამბურგი, ფოლკსპარკშტადიონი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)