“ყველაზე დიდი წნეხი ახლა “იბერიაზეა” და არა ჩვენზე”… გორის “დილას” მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო საინტერესო თემებით…
გორის “დილა” მეორე ქართული ტიტულისკენ მიიწევს და ეს ხდება იტალიელი მწვრთნელის, დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით. 49 წლის ლონგო ძალიან საინტერესო სპეციალისტია. მას სხვადასხვა დროს უმუშავია ბუქარესტის (რუმინეთი) “რაპიდში”, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში, ყატარულ “ელ ჯაიშსა” და რუმინულ “პერტოლულში”, ოღონდ, ყველგან – ფიზმომზადების მწვრთნელად…
შემდეგ იყო ბერძნულ “ქსანტიში”, პაოკ-ში, “ალ ჰილალში” და კიევის “დინამოში, სადაც მან მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავა, ხოლო ალბანურ “კუკესში”, “ფლამურტარისა” და “ტეუტას” უკვე მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ხელმძღვანელობდა რუმინულ “ჩინდიასაც”, “დილაში” კი იტალიური “სასტრი ლევანტედან” მოვიდა.
ლონგოს ხელმძღვანელობით “დილა” სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. გორული კლუბი ჩემპიონატს ხომ ლიდერობს და, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალშიცაა გასული.
ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ექსკლუზიური ინტერვიუ ამ მართლაც საინტერესო პერსონასთან. ინტერვიუ რომ შედგა, ამაში დიდია “დილას” პრესსამსახურის, კერძოდ კი მისი ხელმძღვანელის, ნიკა ბაიდაურის წვლილი, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით…
– დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. სანამ სხვა თემებს შევეხებოდეთ, საქართველოზე უნდა გკითხოთ. როგორ შეეგუეთ ჩვენს ქვეყანას, როგორ მოგწონთ აქაურობა, რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე, რა საერთოს პოულობთ ქართველ და იტალიელ ხალხს შორის?
– მოგესალმებით ყველას! მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ საქართველოში. აქ ხალხი ძალიან მეგობრულია და ადაპტაციის პროცესი ყოველგვარი გართულებების გარეშე გავიარეთ. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ჯერ ბევრი რამ ვერ დავათვალიერე, თუმცა გავსინჯე ქართული სამზარეულო და უნდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, არცთუ ისე დიდი განსხვავებაა ქართველ და იტალიელ ხალხს შორის. მით უმეტეს, იტალიის სამხრეთ რეგიონებში.
– “დილა” საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია. ამბობენ, რომ ლიდერობის მოპოვება უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება. როგორ გრძნობთ თავს სატურნირო ცხრილის სათავეში?
– “იბერია” ივლისში 6 ქულით გვისწრებდა. მათ უკვე დაკარგეს 10 ქულა და ორი მთავარი მწვრთნელი შეიცვალეს. იციან, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ. ახლა ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს შედეგებზე არიან დამოკიდებულები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი წნეხი მათზეა და არა – ჩვენზე. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ოცნების ასასრულებლად და ეს მხოლოდ დადებით ენერგიას გვაძლევს.
– სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ გვარიანი დროა დარჩენილი. როგორ ფიქრობთ, ჩემპიონობის ბედი მხოლოდ “დილას” და “იბერიას” ორთაბრძოლაში გადაწყდება, თუ დუელში სხვა გუნდებიც ჩაერევიან?
– არიან სხვა კარგი გუნდებიც. მაგალითად, თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო”. ჩემპიონატის ბოლომდე მართლაც ბევრი დროა და ნორმალური იქნება, რომ ისინიც განვიხილოთ ტიტულის მაძიებელთა შორის.
– მოდით, მცირე ხნით შევცვალოთ თემა. საინტერესოა თქვენი აზრი იტალიის ჩემპიონატზე…
– პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ იტალიის ჩემპიონატს ახლა ცუდი დრო უდგას. კლუბებს, ზოგადად, არ აქვთ კარგი სტრატეგიები და მენტალიტეტი, რათა კონკურენცია გაუწიონ პრემიერლიგას ან ლა ლიგას. ჩვენი ფეხბურთის პოპულარიზაციის დონე არ არის საკმარისად კარგი, სტრუქტურები კი ევროპაში უარესებს შორისაა.
გარდა ამისა, არ არის ადგილი ახალგაზრდა მოთამაშეებისა და ახალი მწვრთნელებისთვის. როგორც ჩანს, ძველ ფეხბურთს არ სურს, ახალ თაობას მისცეს განვითარების საშუალება. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვენი ფანტასტიკური წარსულის მოგონებებით.
– გვერდს ვერ ავუვლით ევროთასებს. კონფერენსლიგაზე “დილამ” პირველი ეტაპი გაიარა და მერე ლატვიურ “რიგასთან” ორმატჩიან დუელში გამოეთიშა ასპარეზობას. შეიძლებოდა მეტის მიღწევა?
– “რიგა” სხვა დონის კლუბია, სხვა ბიუჯეტითა და ფინანსებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი თამაშებით. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეორე მატჩის ბოლომდე რამდენიმე წამით ადრე გადაწყდა დაპირისპირების ბედი.
– “დილამ” ცოტა ხნის წინ დაიმატა ფორვარდი ისრაელიდან – აბდულა ხლაიხალი. იქნებიან თუ არა კლუბში კიდევ ახალი მოთამაშეები?
– ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩემი მოთამაშეები არიან. აბდულა ერთ-ერთი მათგანია და ძალიან მიხარია, რომ ისიც მყავს. სხვა მოთამაშეებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან “დილაში” ტრანსფერებზე პასუხისმგებელი მე არ ვარ. მე მწვრთნელი ვარ და მხოლოდ იმ გუნდზე ვაგებ პასუხს, რომელიც ვარჯიშზე მყავს.
– მოდით, თქვენს სამწვრთნელო კრედოზე ვისაუბროთ. როგორი ფეხბურთი მოგწონთ? გვითხარით თქვენთვის სამაგალითო მწვრთნელებზეც…
– რა თქმა უნდა, არიან მწვრთნელები, რომელთა მიმართ სხვებზე მეტი სიმპათიით ვარ და მათგან უფრო მეტს ვსწავლობ. მაგალითად, მქონდა პატივი, რამდენიმე დღის განმავლობაში ვყოფილიყავი “მანჩესტერ სიტიში”, მენახა ვარჯიშები და მესაუბრა მის სამწვრთნელო შტაბთან. პეპ გვარდიოლას საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ, ვინც კი ოდესმე მინახავს. ასევე მიყვარს რობერტო დე ძერბი (“მარსელის” მწვრთნელი – რედ) და ლუის ენრიკე.
– თქვენ რამდენიმე გუნდში გიმუშავიათ ფიზმომზადების მწვრთნელად. მათ შორის, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში. რას იტყვით ქართველი ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე და ამ მხრივ “დილაში” როგორი ვითარებაა?
– ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ვბერდები, მაგრამ სასიამოვნო მოგონებები ცოცხალია. მჯერა, რომ ფიზიკური მომზადება ტაქტიკურ, ტექნიკურ და ფსიქოლოგიურ ვარჯიშებში უნდა იყოს ინტეგრირებული. ერთდროულად ყველა ადამიანური კომპონენტით უნდა ვიმუშაოთ.
დღეს ფიზიკური მომზადების მწვრთნელები უფრო მეტად ინდივიდუალურ ვარჯიშებსა და ვარჯიშების მონიტორინგზე მუშაობენ. მიხარია, რომ ვახტანგ აკოფიანი ჩემთან ერთადაა. ის მართლაც შესანიშნავი პროფესიონალია.
– თქვენ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყავით კიევის “დინამოსა” და პაოკ-ში. ერთი უკრაინული ფეხბურთის გრანდია, მეორე – ბერძნულის. რა მოგცათ იქ გატარებულმა პერიოდმა?
– თქვენს ჩამონათვალს დავამატებდი “ალ ჰილალსაც”. აქ მე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონატი და თასი. ამ სამმა კლუბმა გამოცდილების სახით წარმოუდგენლად ბევრი რამ მომცა. ეს არის, პირველ რიგში, გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც მათ აქვთ.
მინდა ვახსენო ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება, როგორებიც არიან ვიეირინია, გომისი, ჯოვინკო… ასევე, ისეთი მწვრთნელები, როგორებიც არიან მარიო ბრანკო, რომელიც დღეს “ბენფიკაშია”, ან კიდევ რაზვან და მირჩა ლუჩესკუები…
– ქართული კლუბები სუსტად ასპარეზობენ ევროპულ ტურნირებზე. რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ შედეგები გაუმჯობესდეს?
– ამ კითხვაზე პასუხი ძალიან გრძელი გამომივიდოდა. სწორად გამიგეთ, მე არ მინდა გავაკეთო შეფასება ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით, რადგან ბოლო ვარ, ვინც აქ ჩამოვიდა. უბრალოდ, ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ თქვენს ფეხბურთს პატივი ვცე და ჩემებურად გავაუმჯობესო.
– საინტერესოა, საქართველოში თქვენი ჩამოსვლის შემდეგ, რომელი ფეხბურთელის თამაშმა დაგიტოვათ განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
– დავასახელებდი იური ტაბატაძეს, ვინც, ჩემი აზრით, მეორე დივიზიონზე მაღალ დონეზე უნდა თამაშობდეს. ასევე ზურაბ რუხაძე, ვინც 22 წლისაა და დიდი პოტენციალი აქვს. ფაქტია, “დილამ” და “იბერიამ” ორი ძალიან კარგი მოთამაშე დაკარგეს…
– და ბოლოს, რას ეტყოდით “დილას” ერთგულ გულშემატკივარს?
– ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ეს არის – ჩვენ, ყველანი, როგორც ფეხბურთელები, ისე პერსონალი, ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ვცდილობთ, გადავლახოთ შესაძლებლობების ზღვარი, რათა სამუდამოდ დავრჩეთ მათ გულებში და ამ კლუბის ისტორიაში.
lelo.ge