“დინამო თბილისის აკადემია ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიხსნება” – გენერალური დირექტორი

“დინამო თბილისის” აკადემია ექსპორტზე გადის – როგორც საფეხბურთო კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ BMGDrive-ის ეთერში განაცხადა, “დინამო აკადემიასთან” თანამშრომლობით საფეხბურთო სკოლა აზიის ქვეყანაში გაიხსნება.

“დინამო – ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფიით, სკოლით და ჩვენი აკადემიის სტრუქტურით – გასცდა საქართველოს ფარგლებს და ერთ-ერთ ძალიან პერსპექტიულ და განვითარებად ქვეყანაში იხსნება საფეხბურთო აკადემია, დინამო თბილისთან ურთიერთობით და თანამშრომლობით. მთავარი მწვრთნელი და სპორტული მენეჯმენტი იქნება “დინამო თბილისის” აკადემიის. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა.

კარგად იცით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება სხვადასხვა ევროპული გუნდების შესვლა, ბარსელონა, იუვენტუსი და ა.შ. და აი, ამ ქვეყანაში შევა “დინამო თბილისი”… ამ ხალხმა ევროპა შემოიარა, იყვნენ პორტუგალიაში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, მაგრამ აი ყველაზე ყველაზე მეტად, მოიხიბლნენ ჩვენი მენეჯმენტით, ამ დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის და სკოლის მუშაობით, მის მიერ ეროვნულ ნაკრებში შეტანილი კონტრიბუციით, იმით, თუ რა წარმატება აქვს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს და ამ წარმატებაში რა როლი აქვს დინამო თბილისის აკადემიას და ამ მოცემულობით გააკეთეს ჩვენზე არჩევანი და გავაფორმეთ გრძელვადიანი, 10-წლიანი ხელშეკრულება”, – განაცხადა ზაზა დოლიძემ.

როგორც მან BMG-ის ეთერში აღნიშნა, ექსპორტზე გადის დინამოს აკადემიის სრული მოდელი და საფეხბურთო სკოლა 3 000 ბავშვზე იქნება გათვლილი.

bmg.ge