“მურსიაში” ქართველი მცველიც დაიმატეს, საჯაია მთავარ გუნდში დააწინაურეს, ესპანეთში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზრად თვლიან
მარტვილის “მერანის” ყოფილი მეკარე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი საბა ქაჯაია “მურსიაში” იმკვიდრებს ადგილს. ესპანელებმა ასაკობრივ გუნდში კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი აიყვანეს… ამ ყველაფრის შესახებ იხილეთ ჩვენი ინტერვიუ ახალგაზრდა მეკარესთან და მის მენეჯერ ილია სარალიძესთან…
საბა ქაჯაია, მეკარე:
“დარწმუნებული ვარ, “მურსიაში” პერსპექტივა აუცილებლად გამოჩნდება”
– რა შეიცვალა თქვენთვის “მურსიაში” გადასვლის შემდეგ?
– ბევრი რამ – გარემო, ცხოვრების სტილი, ვარჯიში და ტემპი. ახალი გამოწვევებია, მაგრამ პროგრესირებისთვის ძალას სწორედ ეს მაძლევს. აქ უფრო მაღალი კონკურენციაა და ყველა პატარა დეტალს დიდი ყურადღება ექცევა. ეს მეხმარება, გავიზარდო და ვგრძნობ ყოველდღე როგორ ვსწავლობ ბევრ რამეს.
– ადაპტაცია როგორ გაიარეთ?
– ენის ბარიერის მიუხედავად, მარტივად გავიარე, რადგან გუნდში ძალიან თბილად დამხვდენ და ჩემ მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ. ახლა თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
– ენას თუ სწავლობთ? ამაზე თქვენი კარიერული წინსვლა ბევრად იქნება დამოკიდებული…
– ცოტათი უკვე ვლაპარაკობ, ისე, რომ ყველას ვაგებინებ და თავადაც, ასე თუ ისე, რაღაცები მესმის.
– ესპანეთი მშვენიერი ასპარეზია, საიდანაც მამარდაშვილი “ლივერპულში” გადავიდა. თქვენ “მურსიაში” რა პერსპექტივას ხედავთ?
– ესპანეთი მართლაც დიდი შანსების ქვეყანაა, რასაც მამარდაშვილის მაგალითიც ამტკიცებს. ჩემი მიზანია “მურსიაში” ყოველდღე გავაკეთო მაქსიმუმი, დავამტკიცო საკუთარი საჭიროება და მერე ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მაღალ დონემდე მივიდე. მანამდე, მთავარია გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე. ვგრძნობ, წინსვლისთვის სწორ გარემოში მოვხვდი. თუ მონდომებით ვიმუშავებ, დარწმუნებული ვარ, პერსპექტივები აუცილებლად გამოჩნდება.
– პროფესიული კუთხით ესპანეთში რა ისწავლეთ?
– ბევრი რამ, განსაკუთრებით – ტაქტიკურად. აქ დეტალებს დიდი ყურადღება ექცევა და ყოველ ვარჯიშზე თუ თამაშისას შენგან მაქსიმუმს ითხოვენ. ყველაზე მეტად ვისწავლე ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიური დისციპლინა და ინტესივობა, სწორის კვება და დასვენება. თითოეული ამ დეტალის გათვალისწინება კიდევ უფრო უკეთეს გხდის.
– საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ხართ და საინტერესოა, ამ შესარჩევ ციკლში ჩვენი გუნდისგან რა მოლოდინი გაქვთ?
– ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ახალგაზრდულ ნაკრებში ყველანი მოტივირებულები ვართ, რომ გუნდურად ვითამაშოთ და თითოეულმა თავისი წვლილი შევიტანოთ. ეს შესარჩევი ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მინდა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, მაგრამ მთავარი მაინც საერთო წარმატებაა.
ყველას გვაქვს სურვილი, თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ. რთულ თამაშებს ველოდები, მაგრამ ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, სწორად მუშაობით და გუნდურობით წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
ილია სარალიძე, მენეჯერი:
“თავი ვინც გამოიჩინა, ყველა კარგ გუნდში წავიდა”…
– მიხარია, რომ საბა 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. ის ახლა “მურსიას” პირველ გუნდში ვარჯიშობს, სარეზერვო გუნდში სისტემატურად თამაშობს და იზრდება. “მურსია” მესამე ლიგის გუნდია და იქაური პრაქტიკა ძალიან წაადგება.
გაიხსენეთ, ქოჩორაშვილის წინსვლა მესამე ლიგის კლუბ “კასტელიონიდან” დაიწყო, კარგი პრაქტიკა ჰქონდა და მერე “ლევანტეს” ლიდერი გახდა. თან “მურსია” გადამსვლელი გუნდია. ეს გამოცდილება საბას ნაკრებში ძალიან წაადგება.
გუნდში კარგად უყურებენ და არა მგონია, ზამთრის სატრანსფერო “ფანჯრის” დროს სადმე წავიდეს. მთავარია, პირველ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს და მერე ინტერესი იქნება. “მურსიას” ისეთი ხალხი აკვირდება, ვფიქრობ, საბას კარგ გუნდში ვიხილავთ.
– მიდის მუშაობა ახალ ტრანსფერებზე?
– ბოლო ამბავი გიორგი ჯანელიძეს უკავშირდება, რომელიც ესპანეთში ცხოვრობდა. “ლევანტეს” ასაკობრივ გუნდში იყო და “მურსიაში” ჩემმა ძმამ, ლევანმა მიიყვანა. 16 წლის ბიჭია, სიმაღლით – 194 სმ და მარცხენა მცველად ათამაშებდნენ.
მაგრამ ასეთი აღნაგობის ბიჭის ფლანგზე დატოვება საცოდაობა იყო და “მურსიაში” დაცვის ცენტრში დააყენეს. ვმუშაობთ “ლოკომოტივის” მცველის, დათო ბუკიას ტრანსფერზე, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში ათამაშეს და იმედია, ზამთარში საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდება.
– ცნობილია თქვენი კავშირი “ვალენსიასთან”. ამიტომაა საინტერესო – რამდენად მართალია ინფორმაცია, თითქოს გიორგი ჩაკვეტაძის გადაყვანა სურდათ?
– ინტერესი იყო, მერე რა მოხდა, ვერ გეტყვით. არადა, გიორგი “ვალენსიას” ძალიან მოუხებოდა – ხომ ვხედავდით, ტრავმების შემდეგ როგორ ფორმაში შევიდა!..
– ესპანეთში გიორგი მიქაუტაძის გადასვლაზე რა რეაქცია აქვთ?
– ეს ტრანსფერი წარმატებულად ითვლება. გიორგი მაგარი ბიჭია და გუნდს მაგრად შეეწყო. სასიხარულოა, რომ ტოპ-ლიგაში ამდენი ქართველი გვყავს, და ეს მაშინ, როცა არც ისე შორეულ წარსულში ერთიც სანატრელი იყო.
– ის მოლოდინი, რაც ევრო 2024-ის შემდეგ იყო ტოპ-ლიგებში ქართველების გადასვლასთან დაკავშირებით გვქონდა, გამართლდა?
– ვინც თავი გამოიჩინა, იმედი ყველაზე გამართლდა და ყველა კარგ გუნდში წავიდა – ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია… ევროპის ჩემპიონატი ხომ ყველასთვის ძალიან კარგი ტრამპლინია.
– როგორც ვიცით, “აჭარის თასზე” გვესტუმრება “ვალენსიას” 15-წლამდელთა გუნდი. ამის შესახებ კიდევ რა ინფორმაციას ფლობთ?
– “აჭარის თასზე” 4 უცხოური და 4 ქართული გუნდი ითამაშებს. “ვალენსიას” 15-წლამდელების გუნდი ჩამოგვყავს, რაც ესპანელთა მხრიდან ჩვენ მიმართ ნდობაზე მეტყველებს, თორემ უცხოეთში “ვალენსია” აკადემიის გუნდებს მხოლოდ ახლომახლო დიდ საფეხბურთო ქვეყნებში უშვებს.
ამაში ანტონიო ლოპესი და ჩემი ძმა ლევან სარალიძე არიან ჩართულები. ანტონიოს ქართული ფეხბურთისთვის ბევრი აქვს გაკეთებული და იმედია, უცხოეთში კიდევ ბევრ ქართველს გავიყვანთ.
– საქართველოს ჩემპიონატიდან?
– ჩემპიონატიდანაც შეიძლება. მთავარია, 18-20 წლის საინტერესო ფეხბურთელები გამოჩნდნენ. რეალობიდან გამომდინარე, ეს არის მათთვის საინტერესო. საბა ქაჯაია მაგალითია, როგორ უნდა იზრდებოდეს ახალგაზრდა უცხოეთში. ის წინსვლას ახერხებს. “ლოკომოტივის” მცველი ბუკიაც საინტერესო და მოტივირებული ახალგაზრდაა. იმედი მაქვს, ისიც უკეთეს ლიგაში ითამაშებს.
– ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ესპანელების წარმოდგენები შეიცვალა?
– რა შედარებაა! ინტერესი გაიზარდა. ადრე დიდი ყურადღებას არ გვაქცევდნენ და ერჩივნათ 2 ლარად აფრიკელი ჩაეყვანათ, ახლა იციან, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარია. მაგრამ ცდილობენ, მოთამაშეები უფრო ცნობილი გუნდებიდან წაიყვანონ – “დინამოდან”, “იბერიადან” და “ლოკომოტივიდან”.