ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 10 ნოემბერს დაიწყებს. 15 ნოემბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს ბულგარეთის ნაკრებს ესტუმრება.
შეკრების დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მეორე ადგილზე გასასვლელად ორივე მატჩის მოგება გვჭირდება, თურქეთმა კი ორივე შეხვედრა უნდა წააგოს. ეს არის შესაძლო სცენარი, თუმცა ამის დაგეგმვა არ შეგვიძლია. თავიდანვე ვთქვით, რომ რთული ჯგუფი იქნებოდა. ზოგჯერ, კარგიც არის რთულ ვითარებაში ყოფნა. ასეთ დროს უფრო ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებ და შეცდომებსაც უკეთ ხედავ. ახლა, ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც თავიდან უნდა ავაშენოთ რაღაც კარგი. ასე რომ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები სხვა თამაშებში. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა ავაშენოთ რაღაც ახალი და უკეთესი.
დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიციაა გუნდისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ამ პოზიციაზე ბევრი ცვლილება მოხდა. დავკარგეთ ბევრი ფეხბურთელი და ბევრი რამის შეცვლა გვიწევს. ეს დაცვაში სტაბილურობის ნაკლებობას იწვევს, ჩემი ამოცანა კი ახალი გადაწყვეტილებების პოვნაა. ბოლო პერიოდში გუნდს გოგლიჩიძე შემოუერთდა, ლოჩოშვილი მეტს თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. სწორედ ამიტომ გამოვიძახეთ ახლა ნარიმანიძე და მისი საქმეში ნახვა გვსურს. მომავალი უნდა დავგეგმოთ და ეს დიდი ხნით ადრე უნდა გავაკეთოთ. ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია რამაზ სვანაძესთან. ასევე, წარსულში არაერთხელ მიგვინიჭებია პრიორიტეტი ახალგაზრდული ნაკრებისთვის, თუმცა ახლა ისეთ ფაზაში ვართ, როდესაც მომდევნო ერთა ლიგისთვის რაღაც ახალი უნდა შევქმნათ. სწორედ ამიტომ არის გუნდთან ერთად გაბრიელ სიგუა. მას რთული პერიოდი ჰქონდა ბაზელში, თუმცა ბოლო დროს შთამბეჭდავად გამოიყურება. მის მწვრთნელთანაც მქონდა კომუნიკაცია და ძალიან კმაყოფილია გაბრიელის თამაშით. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა და ეს არის შესაძლებლობა მისთვის, გვაჩვენოს, რომ შეუძლია მნიშვნლოვანი ფეხბურთელი იყოს ნაკრებისთვის.
გამიხარდება, თუ აზაროვი ბევრს ითამაშებს შახტარში, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენთან ერთად შეძლებს ყოფნას. კლუბში თითქმის არ თამაშობს და შესაბამისად მისი გამოძახება არ შეგვიძლია. რაც შეეხება დვალს, ესპანეთის წინააღმდეგ ცუდად ითამაშა და მატჩის მიმდინარეობისას შენიშვნებზე არასწორი რეაქცია ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მიყვარს ლაშა, დიდი ხნის განმავლობაში იყო სტაბილური მოთამაშე, საბერძნეთთან ფინალში კი, საუკეთესო იყო მოედანზე. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისთვის რთული აღმოჩნდა სათამაშო დონის შენარჩუნება. ამ გადაწყვეტილებით, მინდა ვუბიძგო, რომ მეტი იშრომოს, რადგან ნაკრების კარი მისთვის ყოველთვის ღიაა.
ბოლო შეხვედრებში კმაყოფილი ვარ გოჩოლეიშვილის თამაშით. ძალიან დიდი პროგრესი აქვს. სხვა მოთამაშეების არყოფნის პირობებში შესაძლებლობა აქვს მეტი სათამაშო დრო მიიღოს და გვაჩვენოს, რომ გასულ თვეში ჩატარებული კარგი თამაშები შემთხვევითობა არ იყო და ამ სათამაშო დონის შენარჩუნება შეუძლია”.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “ბოლო მატჩებით ყველა უკმაყოფილო ვართ – ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, ორივე მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, თუმცა ის ემოცია და ჩვენი სათამაშო სტილი, რაც გამოარჩევდა საქართველოს ნაკრებს, გასულ თამაშებში გვაკლდა.
ჩვენი მიზანია, გამოვასწოროთ შეცდომები და დარწმუნებული ვარ, ამას ვილისთან ერთად გავაკეთებთ. გვჯერა, რომ ვილი სანიოლი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოს ნაკრებისთვის”.
ვილი სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ორმა ფეხბურთელმა სანაკრებო გამოძახება პირველად მიიღო. მათ შორის არიან ესპანური კადისის 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინას 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)