ბულგარეთი 2:1 საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა. სოფიაში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით — 2:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბულგარელთა ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა. 88-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ლუკა ლოჩოშვილის გოლით შეამცირა, თუმცა დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და თურქეთს შორის ფრედ — 2:2 დასრულდა.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ ყოველთვის ნეგატიურად ხარ განწყობილი. თუმცა ხვალ, როდესაც ამ თამაშის სტატისტიკას ნახავთ, გაკვირვებულები ვიკითხავთ, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი. ბურთის ფლობის დაახლოებით 80-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მეტოქე კი ორჯერ აღმოჩნდა ჩვენს საჯარიმოში და ორი გოლი გაიტანა. თუმცა, ეს რომ ხდება, პრობლემაა და ამის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბოლო სამი თვე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს ვცვლით, თუმცა მაინც ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც ასეთ მაღალ დონეზე უპატიებელია. თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო გლობალურია — როგორც ადრე აღვნიშნე, ყველანი კომფორტის ზონაში მოვექეცით, საიდანაც რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ. უფრო მეტი იმედგაცრუება გველის, თუ ჩვენს მენტალიტეტს არ შევიცვლით. შეცდომები, მათ შორის ამ მიდგომის ბრალია და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ.
ვიცოდით, რომ ჯგუფში, სადაც ესპანეთი და თურქეთია, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებებულიყავით. ერთი წლის წინ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მას შემდეგ გუნდის თითოეული წევრი რაღაცას ვაკლებთ. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა, რაც ძვირად დაგვიჯდა. საკმარისად არ ვიბრძოლეთ და ეს სულისკვეთება მარტში, ივნისში და მომდევნო ერთა ლიგაზე უნდა დავიბრუნოთ”.