ეროვნული გუნდების ერთიანი სათამაშო კონცეფცია – დასკვნითი შეხვედრა მიხეილ მესხზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, საქართველოს 21-წლამდე და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასაკობრივ ნაკრებებში ერთიან სათამაშო კონცეფციას, რომელიც ასაკობრივი ნაკრები გუნდების დონეზე წლებია დანერგილია. არსებული კონცეფციის განახლების პროცესი 2-თვიანი სამუშაო პერიოდს მოიცავდა და დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო პრინციპებზე შეთანხმება მოხდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ პრეზენტაცია წარადგინეს.

სფფ-ის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა – ალექსანდრე იაშვილმა აღნიშნეს, რომ მოთამაშის ნაკრებიდან-ნაკრებში ტრანცზიციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად აღნიშნული კონცეფცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ერთიანი სანაკრებო სათამაშო კონცეფციის მუდმივი მონიტორინგის მიზნით, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ასევე, არსებული კონცეფციის ინტეგრირება, აქტიურად მოხდება სფფ-ის აკადემიებში მიმდინარე საწვრთნელ პროცესებსა და მეთოდიკაში.