ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.

ირის ანტმანის გუნდი საბერძნეთის წინააღმდეგ 3 მარტს გასამართი მატჩისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე ემზადება. ტრავმირებული ანი აკობიძის ნაცვლად, რომელიც ნაკრებს საბერძნეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, გუნდს ანანო წიქარიძე შეუერთდა.

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვამზადოთ ფეხბურთელები, რათა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში შეხვდნენ. ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ კომპონენტებზე. ვიცით, რომ საბერძნეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ტაქტიკური დისციპლინის დაცვას. საბერძნეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელიც საზღვარგარეთ მოთამაშე გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა წარმატებას ერთხელ უკვე მივაღწიეთ და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეგვიძლია.

მზადება იანვარში დავიწყეთ და ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ამ შეკრების ორგანიზებისთვის. გუნდების უმრავლესობამ ვარჯიში თებერვალში განაახლა, ამიტომ, ნაკრების ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მზადების ადრე დაწყება”.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 3 მარტს, ჰერაკლიონში გაიმართება.