ქუთაისი სუპერლიგაში გალიდერდა
საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტური 16 ნოემბერს ბათუმში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ “კაკტუსი” ჩავიდა. ორივე გუნდს პირველი ტურის მატჩები მოგებული ჰქონდა: “ბათუმმა” “რუსთავს” სძლია, ხოლო “კაკტსუსმა” – “ოლიმპს”.
ბათუმის სპორტსკოლაში გამართულმა მატჩმა სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა და მაყურებელს არც უნანია. გუნდებმა საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გააჩაღეს, რომლის გამარჯვებულიც ბოლო წუთზე გამოვლინდა. მასპინძლებმა საწყისი პერიოდი 1 ქულით მოიგეს, თუმცა შემდეგ 10-ქულიან ლიდერობას დაეპარტონნენ. “კაკტუსი” არ ტყდებოდა და ძირითადად ზუსტი შორი სროლებით მასპინძლებს იმედიანად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა.
ბოლო პერიოდში თბილისურმა გუნდმა მოახერხა თამაშის გათანაბრება, ხოლო ჩამორჩენა ბოლოსწინა წუთზე 2 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტი სიტყვა ნოდარ გოგოძემ და შონ ჰილმა თქვეს, რომლებმაც უნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდეს და “ბათუმს” გამარჯვება გაუნაღდეს – 89:85.
სწორედ გოგოძემ – 24 ქულით – და შონ ჰილმა (16) ულიდერეს მასპინძლებს. სტეფან ანდრეევიჩმა შეხვედრა ორმაგი დუბლით – 14 ქულით და 13 მოხსნით დაასრულა. “კაკტუსში” 18-18 ქულით ბრაიან გლასფორდი და ჯალენ მაკგაუჯი გამოირჩნენ. ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე 17 ქულა დაგოვდა.
ბათუმი – კაკტუსი
სტატისტიკა: 89:85
სუპერლიგის მეორე ტური “ტიტებისა” და ოლიმპის შეხვედრით გაგრძელდა. “ოლიმპმა”, რომელმაც პირველ ტურში დაძაბულ ბრძოლაში “კაკტუსთან” მარცხი განიცადა, “შსს აკადემია-ტიტებს” დამაჯერებლად – 93:70 მოუგო.
შეხვედრაში მხოლოდ პირველი პერიოდი იყო დაძაბული, რომელიც “ოლიმპის” გამარჯვებით – 23:16 დასრულდა. ოლიმპელთა ყველა რგოლი შესანიშნავად თამაშობდა. წინა ხაზში, ფარქვეშ, მარკ ოგდენი გაბატონდა, რომელსაც კარგად აშველებდა ხელს ნიკა დარბაიძე, ხოლო უკანა ხაზში ტრე ბენეტი და დარეონ რედიკი სისწრაფეშიც და სიზუსტეშიც აშკარად ჯაბნიდნენ ოპონენტებს.
გარდატეხა მესამე მეოთხედში მოხდა, რომელიც ოლიმპელებმა 29:16 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 20 ქულით გალიდერდნენ. საბოლოოდ მატჩი ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს ამერიკელმა ლეგიონერებმა – ტრე ბენეტმა და მარკ ოგდენმა ულიდერეს. პირველმა 19 ქულია, 10 პასი და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო ოგდენის ანგარიშზე 18 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. 17 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა დარეონ რედიკს, ხოლო ნიკა დარბაიძე ოლიმპელებს 14 ქულით და 6 მოხსნით შეეშველა. “ტიტებში” 18 ქულით და 7 მოხსნით ბესო ლეჟავა გამოირჩა, ჟოელ ალმეიდას ანგარიშზე კი 16 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
შსს აკადემია-ტიტები – ოლიმპი
სტატისტიკა: 70:93
ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედფა იმერული კლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გასული სეზონის ფინალისტების დღევანდელი შეხვედრა ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისელებმა 79:68 მოიგეს. დინამოელებმა პირველი ტურის მატჩი”ტიტებთან” დიდი სხვაობით წააგეს და დღევანდელი მარცხის შემდეგ ცხრილის ფსკერზე დაილექნენ.
მოქმედი ვიცე-ჩემპიონი “ქუთაისი” კი ცხრილში გალიდერა. იმერლებმა წინა ტურში შინ “თსუ-ჰიუნდაი” დაამარცხეს და დღევანდელი მოგებით პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ. თამაშის სასურველი შედეგით დასრულება ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ. პირველივე წუთებზე რომ მოიპოვეს უპირატესობა, იმერლები ლიდერობას თამაშის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ერთადერთი, შეხვედრის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე შემცირდა სხვაობა 6 ქულამდე, ისე კი სტუმართა ლიდერობა უმეტესად ორნიშნა ციფრით გამოიხატებოდა, ხანგამოშვებით კი თითქმის 20-ამდეც აღწევდა..
გამარჯვებულ ქუთაისელებს ამერიკელმა ლეგიონერმა – დეჟან რაითმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. 13 ქულა დააგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ჯონათან ლიმ და ტერენს ტომპსონმა თავი 11-11 ქულას მოუყარეს. ტომპსონმა 12 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი მოთამაშე გახდა ორმაგი დუბლით. “დინამოში” 20 ქულით მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა, 15 ქულა კი ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა.
დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 68:79
მე-2 ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს “დელტა” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. გასულ თვეში დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულმა დელტელებმა სუპერლიგა “მგზავრებთან” მარცხით დაიწყეს, თუმცა რეაბილიტაცია მალე მოახდინეს და ქვემოქართლური გუნდის დამარცხებით ცხრილის შუაწელში დამკვიდრდნენ.
რუსთაველებისთვის კი დღევანდელი წაგება ზედიზედ მეორეა და რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი გუნდი “დინამოსთან” ერთად ჯერჯერობით სუპერლიგის აუტსაიდერია. არადა, რუსთაველებს მოგების შანსი ჰქონდათ, თუმცა მესამე პერიოდში საქმეები აერიათ, რითაც “დელტამ” ისარგებლა და ძირითადად არტიომ შვეცის სამქულიანებით გაქცევა მოაწყო. შედეგად, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა, რაც მანამდე თანაბრად მიმდინარე თამაშისთის საკმაოდ სოლიდური უპირატესობა გამოდგა.
“დელტამ” წარმატებით შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და სუპერლიგაში პირველ გამარჯვებას მიაღწია. გუნდს 21 ქულითა და 9 მოხსნით არწიომ შვეცმა ულიდერა. 17 ქულა და 14 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო მალკოლმ დრამრაითმა დელტელებს 16 ქულა მიაშველა. რუსთავში დომინირებდა რუდოლფ ჯოლი, თუმცა მისი 32 ქულა და 13 მოხსნა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
დელტა – რუსთავი
სტატისტიკა: 86:79
სუპერლიგის მე-2 ტური დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა. თსუ-ჰიუნდაიმ ბოლო წუთზე 2 ქულის სხვაობით – 79:77 დაამარცხა მგზავრები.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ყველაფერი ორმა შეტევამ გადაწყვიტა, რომელიც მგზავრების კალათბურთელებს გაუცუდდათ, ხოლო თსუ-ჰიუნდაიმ – იხეირა.
მატჩის ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიში თანაბარი გახლდათ – 77:77. თსუ-ჰიუნდაელებმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრეს, ხოლო მათი სერბი ცენტრი რატკო პეტრიჩი საჯარიმოს ხაზზე დადგა და 2-დან 1 სროლა ჩააგდო.
ქულით ჩამორჩენილ მგზავრებს შესატევად 24 წამი ჰქონდათ და გათანაბრების კარგი შანსიც მიეცათ, თუმცა მათმა სნაიპერმა რეზო ჩაჩანიძემ 3-ქულიანი ააცილა, რომელიც პეტრიჩმა მოხსნა და კვლავ საჯარიმოს ხაზზე მოუხდა დადგომა. სერბმა ცენტრმა ამჯერადაც 1 საჯარიმო ჩააგდო და თსუ-ჰიუნდაი 79:77 დააწინაურა.
დარჩენილ 6 წამში ამერიკელმა ადრიან ბოუიმ კი შეუტია, მაგრამ დროში ვერ ჩაეტია და შეხვედრა დასრულდა. გამარჯვებულებს 19 ქულით და 13 მოხსნით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა რატკო პეტრიჩმა, 16 – სანდრო სანაძემ, ხოლო ჯეიმს მილიკენის ანგარიშზე 13 ქულა და 8 პასი დაგროვდა. მგზავრებში 25 ქულით, 6 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.
თსუ-ჰიუნდაი – მგზავრები
სტატისტიკა: 79:77
სუპერლიგის მე-3 ტურის მატჩები 21, 22 და 23 ნოემბერს ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
წყარო: gbf.ge