შერმადინის ორმაგი დუბლი, MVP-ის ტიტული და გამარჯვება კარგად ნაცნობ ანდორაში

გიორგი შერმადინს შანსი აქვს, ესპანეთის უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. “უნიკახას” ქართველი ცენტრი საუკეთესო იყო “ანდორასთან” მატჩში, სადაც თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გაუტარებია. შერმადინი სწორედ “ანდორაში” ჩატარებული 2 ბრწყინვალე სეზონის შემდეგ გადავიდა “უნიკახაში”, სადაც ასევე შესანიშნავად ირჯება და მალაგური გუნდის წარმატებებში სოლიდური წვლილი შეაქვს.

მე-9 ტურში მალაგელებმა “ანდორა” სტუმრად 95:84 დაამარცხეს, ქართველი ცენტრი კი მატჩის MVP გახდა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:53 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ რვავე (!) ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. გამოსარჩევია ამერიკელი ბრაიან რობერტსის გარჯაც, რომელმაც მალაგელებს 20 ქულა შესძინა.

“უნიკახამ” 7 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, შინ, “მურსიასთან” გამართავს.

წყარო: gbf.ge