ილიას ზუროსმა ესტონეთთან გასამართი მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

29 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტალინის “საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს უთანაბრდება და შესაბამისად, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს იღონებს.

საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. ჩვენს ნაკრებს მომავალ მატჩებში ვერ დაეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე ესპანური “ბასკონიას” წევრები – თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი. ნატურალიზებული მოთამაშისთვის გამოყოფილ 1 ადგილს კი თად მაკფადენი დაიკავებს, რომელიც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში შედეგიანობით ერთ-ერთი ლიდერია. ის “ტენერიფე იბეროსტარის” ღირსებას იცავს და თითქმის ყველა შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ეუფლება.

ესტონეთში გამგზავრების წინ ნაკრებმა ოლიმპიურ სასახლეში ბოლო ვარჯიში დღეს, საღამოს გამართა, რომლის დასკვნითი ნაწილიც ჟურნალისტებისთის ღია იყო. ბერძენმა სპეციალისტმა ვარჯიშის შემდეგ ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომელიც ტალინში გაემგზავრება.

წყარო: gbf.ge