გოგა ბითაძის 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და გამარჯვება გოლდენ სტეიტთან

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო გაეზარდა და “ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრიც თავის სოლიდურობას ამტკიცებს. ინდიანელებს ძირითადი ხუთეულის 2 მეფარე – მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი და კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, თუმცა “პეისერსმა” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი “გოლდენ სტეიტი” მაინც დაამარცხა და ამაში ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია.

შეხვედრის ბედი დამატებით დროში გაირკვა. ინდინელებმა ოვერტაიმში 121:117 გაიმარჯვეს. გოგა ბითაძემ საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო მიიღო და უფრო მეტს ითამაშებდა და თავის რეკორდს (31:48) წუთი გააუმჯობესებდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ტექნიკური ფოლი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში მან 31:21 წუთი ითამაშა და ამ დროში 13 ქულის, 9 მოხსნის (4 შეტევაში), 5 პასისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მან 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 2-ჯერ დაკარგა ბურთი. ბითაძეს +/- მაჩვენებელი +3 ჰქონდა.

 

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ტაიმი „უორიორსის“ 8-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, მაგრამ „პეისერსმა“ მალევე მოახერხა თამაშში დაბრუნება და ბოლო პერიოდის დაწყებამდე ანგარიში გაათანაბრა. გუნდემბა მეოთხე მეოთხედშიც ფრე ითამაშეს და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, სადაც „ინდიანა პეისერსი“ უკეთესი აღმოჩნდა.

„ინდიანას“ მხრიდან საუკეთესი 27 ქულითა და 7 პასით კრის დუარტე იყო, 16 ქულა ჰქონდა ჯასტინ ჰოლიდეის, აიზია ჯექსონის ანგარიშზე კი 15 ქულაა. „გოლდენ სტეიტს“ 39 ქულითა და 8 პასით სტეფ კარიმ ულიდერა. აღსანიშნავია, რომ ის ერთი ბლოკი, რომელიც ბითაძეს ჰქონდა, სწორედ გოლდენსტეიტელთა სუპერვარსკვლავ კარის დაუფარა.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 23 იანვარს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.