მამუკელაშვილის რეკორდები ნბა-ში და მეორე სტარტი ხუთეულში: 42 წუთი, 17 ქულა

სანდრო მამუკელაშვილის სარეკორდო სათამაშო დრო ნბა-ში. მილუოკის ტრავმირებული სუპერვარსკვლავის, იანის ადეტოკუმბოს არყოფნაში მამუკელაშვილმა უკვე მეორედ დაიწყო თამაში სასტარტო ხუთეულში და მოედანზე 42 წუთი გაატარა. ეს მოხდა დღეს, გამთენიისას, “კლივლენდთან” მატჩის წინააღმდეგ, რომელიც მილუოკში გაიმართა და “კავალერსის” გამარჯვებით – 119:90 დასრულდა.

მამუკელაშვილი მორედ, ნბა-ს კარიერაში, სასტარტო ხუთეულში იყო და მილუოკელთაგან ქულების მხრივ მეორე შედეგი აჩვენა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მონაგარმა 17 ქულა შეადგინა, რაც ასევე პირადსარეკორდო მაჩვენებელია ქართველი ფორვარდისთვის. 17 ქულასთან ერთად სანდროს 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მის პასივში 3 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლია. აქამდე მამუკელაშვილის საუკეთესო შედეგად 12 ოქტომბერს, მაიამისთან ნათამაშები 27 წუთი და 12 ქულა ითვლებოდა.

საუკეთესო შედეგი ჰქონდა სათადარიგო მოთამაშე ჯორდან ნვორას, რომელმაც 28 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, დემარკუს კაზინსის ანგარიშზე კი 12 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. კლივლენდში 23 ქულით საუკეთესო იყო ჩედი ოსმანი, რიკი რუბიოს ანგარიშზე კი 15 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა დაგროვდა.

მილუოკის 18 მოგების წილ 13 მარცხი გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 23 დეკემბერს, შინ, “ჰიუსტონ როკეტსთან” ჩაატარებს.