ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ფარერები იოლად დაამარცხა
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფარერების ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქეს 3:0 მოუგო. ქართველებმა მეტოქეს რევანში აუღეს. ფარერებმა საკუთარ არენაზე საქართველოს 10 დღის წინ 3:1 სძლია.
ქართველმა ფრენბურთელებმა სამივე სეტი დამაჯერებლად მოიგეს (25:15, 25:12, 25:15). საქართველოს ანა თევდორაძემ ულიდერა, რომელმაც 13 ქულა დააგროვა. გადამწყვეტი ქულა კი ლიზი ლობჟანიძის ანგარიშზე იყო, მან მეტოქის დარტყმა დაბლოკა და საქართველოს მესამე სეტიც მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2018 წლის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო და 26-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ფარერებთან მარცხის შემდეგ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელად უკრაინელი იური მელნიჩუკი დაინიშნა. საქართველო ვერცხლის ლიგაზე ასპარეზობას პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 17 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.