ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სავარჯიშო პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდთან ერთად 10 ნოემბრიდან ივარჯიშებენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია. უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინული „კოლოსის“ წევრი ნიკა გაგნიძე შეუერთდება.
საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
რამაზ სვანაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვიწყებთ შეკრებას ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ყოველმხრივ მნიშვნელოვანია ეს თამაშები ჩვენთვის. პირველი და ყველაზე მთავარი, ის, რა თქმა უნდა, არის ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ დავაფიქსიროთ და ორივე თამაშში დადებით შედეგს მივაღწიოთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რეალურად ეს არის ის პირველი შეკრება, სადაც ჩვენ გვექნება დრო და ის სავარჯიშო რამდენიმე დღე, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ფეხბურთელებს გადავცეთ, გავუზიაროთ ის იდეები, ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა მომავალში. ამიტომ უმნიშვნელოვანესი შეკრებაა.
კითხვას რაც შეეხება თქვენსას, ტრავმირებული ბევრია და ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ხვიჩა, თავისთავად, რომელიც ყველას დაგვაკლდება. პლუს ამას ემატება კიტეიშვილის ტრავმა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, და ასევე ტრავმირებულია ფეხბურთელების ძალიან დიდი ჯგუფი. თუმცა, ეს არის ყოველთვის შანსი ახალი ფეხბურთელებისთვის — შანსი, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ. არიან ჩვენთან ახალი სახეები ნაკრებში, ამიტომ დანარჩენი ყველაფერი თვითონ გადაწყდება როგორც სავარჯიშო პროცესში, ასევე თამაშის დროს.
წიტაიშვილის თემას რაც შეეხება, ყველა მწვრთნელი ბედნიერია, როცა გუნდში ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე პოზიციის ათვისება შეუძლია. ჩვენთან ბევრი ფეხბურთელია ასეთი. სანაკრებო სიას თუ ჩავხედავთ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა მიმართულებით… მე შემიძლია, რომ გამოვიყენო სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ წიტაიშვილის პოზიცია მინდორზე გადაწყდება იქიდან გამომდინარე, თუ რა სისტემით ითამაშებს საქართველოს ნაკრები და პლუს, ვინ არის მოწინააღმდეგე.
რაც შეეხება კაპიტნის თემას, ამით დავიწყებ: საქართველოს ნაკრებში კაპიტანი არის ხვიჩა კვარაცხელია, გვყავს ორი ვიცე-კაპიტანი — ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე. ამ თამაშებში კაკაბაძე იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
რაც შეეხება გავლილ თამაშებს და იმ პერიოდს, რომელიც იყო თამაშიდან დღემდე (ეს ერთი თვე) — რა თქმა უნდა, გაკეთდა ანალიზი, აბსოლუტურად სრული ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ სად გვქონდა პრობლემები; ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ სად გამოვიყურებით შედარებით კარგად. და მერწმუნეთ, რომ თითოეულ მომენტზე თუ სათამაშო სიტუაციაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა პრობლემური, მოხდება რეაგირება. მოხდება რეაგირება და აღვნიშნე ის, რომ ვინაიდან გვაქვს სამი-ოთხი დღე სავარჯიშოდ, ეს ძალიან კარგია. კარგია იმიტომ, რომ რეალურად შევეხებით იმ პრობლემებს, რომლებიც თამაშის დროს გამოჩნდა.
რაც შეეხება მთლიან სიტუაციას, მაინც საწყისებზე ვართ. ახლა იწყება ეს ფორმირება იმ გუნდის, იმ თამაშის, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ მე ვიცი, რომ ძალიან რთული თამაშები გვექნება. ისიც ვიცი, რომ გაგვიჭირდება. თუმცა, მე მინდა ვნახო ხასიათი — ხასიათი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, და რაც უფრო სწრაფად დავუბრუნებთ ამ ხასიათს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ვაგრძელებთ იგივე შემადგენლობით, არავინ არსად არ მიდის. ცვლილება სამწვრთნელო შტაბში არ არის. ჩემი ასისტენტები, როგორც ახალი წევრები, არიან ზაურ სვანაძე და გიორგი ადამია. რა თქმა უნდა, შემოუერთდებიან სამწვრთნელო შტაბს.
რაც შეეხება დებიუტანტებს, ყალიჩავათი დავიწყებ. ძალიან კარგი სეზონი აქვს, განსაკუთრებით ოქტომბრის თვე. და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაგვეზარდა კონკურენცია ამ რგოლში. აუცილებელია კონკურენცია. ასევე, ჩვენ გვყავს კერესელიძე — ძალიან კარგი მეკარე. არ ვართ უკმაყოფილო მისი თამაშით, უბრალოდ, კონკურენციის მომენტი მინდა, რომ იგრძნოს ყველა ფეხბურთელმა. ეს იყო ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში. და, რა თქმა უნდა, კიდევ ფეხბურთელის თამაში — ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი მაღალი დონის მეკარეა, ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა.
რაც შეეხება მაისურაძეს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონკურენცია დაცვის მარჯვენა ფლანგზე და მისმა ბოლო დროინდელმა შედეგებმა მოგვცა საშუალება, რომ ის ჩვენთან ერთად ყოფილიყო. დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული. იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი მოისწრაფიშვილზე. ზოგადად, ვთვლი, რომ გიორგი მოისწრაფიშვილს აქვს ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი. მისი პრობლემა ყოველთვის იყო უბრალოდ მისი ფიზიკური მომზადება, ინტენსიური თამაში ფეხბურთის. ბოლო პერიოდში სლოვაკეთში სტაბილურად თამაშობს. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი თამაში მისი შესრულებით, ამიტომ თუ ის ამ კომპონენტში მოუმატებს და ისეთი იქნება, როგორც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება, მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი შევსება იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. დანარჩენი ყველაფერი ვარჯიშებზე გამოჩნდება.
გავლენა, რა თქმა უნდა, იქონია ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ჯგუფია ფეხბურთელების, განსაკუთრებით შეტევის ხაზში გვყავს ტრავმირებული. და, როგორც თავიდან აღვნიშნე, ეს არის ახალი შანსი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. სიახლეები საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ამ მიმართულებით, კონკურენციის მიმართულებით, ეს ყველაფერი გაგრძელდება.
რაც შეეხება ირაკლი აზაროვს, ირაკლი აზაროვი მზად არის თამაშისთვის. მან ჩაატარა ტრავმის შემდეგ რამდენიმე თამაში. თავისუფალი განრიგით, როგორც ვნახეთ, თამაშებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ამიტომ აზაროვი ის ფეხბურთელია, ვთვლი, რომლის კლასი საქართველოს ნაკრებს ყოველთვის სჭირდება. ამიტომ ის აუცილებლად მიიღებს შანსს და ისიც ჩვენთან ერთად არის.
რაც შეეხება საბა ხარებაშვილს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, საბა ხარებაშვილი ტრავმირებულია. საბა ხარებაშვილი ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, შეთანხმებით 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ეს ფეხბურთელი დავუთმეთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს. დავუთმეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაკრების წარმატება, ისევე როგორც 19-წლამდელთა ნაკრების წარმატება. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარება ვერც ჩვენ ამ შემთხვევაში, ვერც 19-წლამდელთა ნაკრებს. ასევე ტრავმირებული გვყავს ბართიშვილიც და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დანაკლისია 19-წლამდელთა ნაკრებისთვის.
ხვიჩას ტრავმა, რა თქმა უნდა, სიმართლე ის არის, რომ სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ფეხბურთია. ჩვენ ყველას გვქონდა საუბარი ხვიჩასთან, ყველანი მის გვერდით ვართ. დარწმუნებული ვარ, ის უფრო ძლიერი დაბრუნდება. თუნდაც მისი განვლილი გზა და მისი ხასიათი რომ ავიღოთ, სხვა ფაქტორებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვარ.
სანდრო ნარიმანიძეს რაც შეეხება, გეთანხმებით, ძალიან კარგი სეზონი აქვს. შარშანაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, გახდა ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ის უკვე კონკურენციაშია. დღეს ის ამ შეკრებაზე, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენთან ერთად, არ არის ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ასევე გვყავს მარცხენა ფეხით მოთამაშე ორი ცენტრალური მცველი. ამ შეხვედრაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ლოჩოშვილს და დვალს. ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, თუ ვინმეზე შეიძლება პრეტენზია არ გვქონდეს, უნდა აღინიშნოს ჩვენი დაცვის ხაზი და ამ მხრივ კონკურენციის მომენტია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ სანდრო განაგრძობს ამ ყველაფერს, ძალიან მალე ისიც მოირგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს.
პლუს ამას დავიმატეთ ჯიმი ტაბიძე. აქაც მიზეზი არის ის, რომ მას თანაბრად შეუძლია ორი პოზიციის დაფარვა — როგორც წიტაიშვილზე იყო კითხვა, ანალოგიური სიტუაციაა ჯიმისთან დაკავშირებით. ზოგადად, ეს სია ისე არის დაკომპლექტებული, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე პოზიციის დაფარვა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ სისტემურად შეგვეძლოს შეცვლა როგორც მატჩის მსვლელობისას, ასევე თამაშის დაწყების წინ.
რაც შეეხება სტანდარტულ სიტუაციებს, ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია თანამედროვე ფეხბურთში. ბოლო თამაშები — პრინციპში, ის სამი თამაში, რომელზეც უკვე მე ვიყავი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი — ამ მხრივ გვქონდა სირთულეები, თუმცა საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალურად გავართვით თავი. თუმცა, შეკრებიდან შეკრებამდე ვცდილობთ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწოთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. დანარჩენს თამაშები გვიჩვენებს.
ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებია, ამიტომ ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იმსახურებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას, აუცილებლად მოხვდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. უბრალოდ, კონკურენციის მომენტებია.
აქაც იგივე გიორბელიძის შემთხვევაში, ხომ? ვთქვი თავიდანვე, რომ სია ისე არის დაკომპლექტებული, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რამდენიმე სისტემა გამოვიყენოთ თამაშის დროს. შეტევით ვარიანტზე ბევრი ვილაპარაკეთ, უკვე დაცვის მარცხენა ფრთაზე იგივე, თუნდაც იგივე აზაროვის სახით; ასევე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სამი ცენტრალური მცველით სისტემაზე, გვყავს წიტაიშვილი, გვყავს იგივე აზაროვი; და თუ ვლაპარაკობთ უკვე იმაზე, რომ ოთხი მცველით ვთამაშობთ, დაცვითი სტილის მოთამაშეები ძალიან ბევრი გვყავს ისეთი, რომელსაც შეუძლია მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში.
გიორბელიძის შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამოწვეულია კონკურენციიდან. სხვა არაფერი არ არის საერთოდ. დანარჩენი, უბრალოდ, მასზე იქნება დამოკიდებული, და ანალოგიურია გადრანის შემთხვევაშიც.
იმ დღიდან, როდესაც მე გავხდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, მიუხედავად დროის სიმცირისა, ვარჯიშის საშუალება არ გვქონდა, გასაგებია ეს ყველაფერი, თუმცა უკვე იმ დღიდან ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ასე დარჩება ყოველთვის.
ორივე ერთად გვჭირდება, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბალანსზე, თვითონ თამაშის — თუნდაც წინა სამი თამაში რომ ავიღოთ — იქაც ჩანდა ის, რომ ბალანსს ვიცავთ და ბალანსის დაცვას გავაგრძელებთ მანამ, სანამ მაქსიმალურად არ დაიხვეწება ეს ყველაფერი. ეს შეიძლება შეეტყოს სათამაშო სისტემასაც. კონკრეტულ თამაშებზე კონკრეტული სისტემა იქნება, თუმცა ჩვენთვის მთავარი იქნება ის, რომ ძირითადი პრინციპი სათამაშო იყოს ერთი და იგივე.
ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რატომ გვინდა ის, რომ ჩვენი თამაში გახდეს სისტემური? გვინდა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდეს გრძელვადიანი სტაბილურობა და წარმატება და არ ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რომ დღეს, ვთქვათ, ასეთ ფორმაში ვართ, ხვალ შეიძლება ვიღაც ფორმაში არ იყოს ან ერთი თამაში მოვიგოთ და მერე ჩავარდნა გვქონდეს. როცა დროზე ვსაუბრობ, აი, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თამაშზე გამოვალთ და არ გვექნება დაცული ის ბალანსი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ კონკრეტულ თამაშზე ის შედეგი დავაფიქსიროთ, რაც ყველას გაგვიხარდება.
ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები, ჩვენ გვაქვს ჩვენი კოზირები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ.
გასაგებია მათთვის სატურნირო მდგომარეობა, გასაგებია მათი მოტივაცია, თუმცა არანაკლები მოტივაცია გვექნება ჩვენც და არანაკლებად გვჭირდება ქულები, თუნდაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე. პლუს, სახლში ვთამაშობთ, გეთანხმებით სობოსლაის შეფასებაში, თუმცა ასევე დავამატებ, რომ სობოსლაი არ არის მხოლოდ უნგრეთის ნაკრები… მათ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. პლუს, ეს გუნდური თამაშია.
თუნდაც პირველი თამაში რომ შევაფასოთ, მიუხედავად მძიმე სასტარტო წუთებისა, მე არ ვთვლი, რომ ჩვენ წასაგები გვქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია და ფაქტობრივად გამოვიდა, რომ წავაგეთ. ამიტომ გვაქვს შანსი იმისა, რომ რევანშზე ვიფიქროთ, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ 14-ში ისე დამთავრდეს თამაში, როგორც ყველას გვინდა”.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „დინამო არენაზე“ თამაში ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, მოგეხსენებათ, რომ პირველი იარუსი უსაფრთხოების გამო ბოლომდე არ ივსება და მიგვაჩნია, რომ ამ თამაშზე მაყურებლის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, უნგრეთთან თამაშში წარმატებას მივაღწიოთ და ჩავთვალეთ, რომ მესხის სტადიონზე ის ატმოსფერო, სადაც ყველა სკამი შევსებული იქნება, ძალიან დაეხმარება ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში.
ვილის კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს — უდიდესი დამსახურება აქვს ჩვენი ნაკრებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ის ჩვენი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.
რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ და ყველანი უკმაყოფილო ვიყავით იმ სიტუაციით, რომელიც ბოლო თამაშებში ჩვენს ნაკრებში იყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, ძალიან კარგი იყო. ამიტომ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობა დაგვესრულებინა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ყველანი, რა თქმა უნდა, დიდად მადლობელი ვართ ვილის იმისთვის, რაც გააკეთა. ვფიქრობ, რომ სიახლის დრო იყო და ამიტომ ყველამ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
კი, მქონდა საუბარი. ხვიჩასაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჩამოვიდეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, მისი მუხლისთვის ზედმეტი მგზავრობა არ იყოს სასურველი, დაველოდებით, მისცემენ თუ არა ექიმები ამის უფლებას. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მისი ყოფნა, თუნდაც თამაშზე დასწრება, ძალიან დიდ მოტივაციას მისცემს ჩვენს ფეხბურთელებს. კაპიტნის არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია როგორც ფეხბურთელის, ასევე, რა თქმა უნდა, მისი როლი გასახდელში და მოედნის გარეთ ძალიან დიდია.
რა თქმა უნდა, მწვრთნელისთვის ძალიან რთულია, როდესაც მიმდინარე ციკლის დროს ჩაიბარებს გუნდს. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ რამაზ სვანაძე ყოველთვის იყო ჩვენთვის მთავარი არჩევანი, რომელიც მომავალში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო. მან ეს თავისი შედეგებით და განვილილი გზით დაიმსახურა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ვიბრძოლოთ ამ მიზნისთვის და, რა თქმა უნდა, რამაზ სვანაძეს ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა აქვს, რომ ამ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ გვჯერა მისი, რადგან, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, მან ეს დაიმსახურა. ეს თამაშებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შედეგის თვალსაზრისით, ასევე გუნდის მიზნისთვის მომზადების მხრივ”.
წყარო: nakrebi.ge