გაფრინდაშვილის გამარჯვების ბურთი | კავკასიამ დელტას მოედნის უპირატესობა აართვა
სააღდგომო პაუზის შემდეგ საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. საჩემპიონო ბრძოლას შერჩენილი 4 გუნდისთვის ნახევარფინალური სერიები დაიწყო. გურჯაანში, საჩემპიონო ამბიციის მქონე დელტამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და მოედნის უპირატესობა დაკარგა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიამ, რომელმაც პლეი ოფის საგზური რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოიპოვა და მეოთხედფინალიდან მოქმედი ჩემპიონი თსუ გააგდო, წარმატებული სერია კახეთშიც გააგრძელა. კავკასიელებმა კიდევ ერთი ფავორიტი, გურჯაანის დელტა მისსავე მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში – 89:88 (სტატისტიკა) დაამარცხეს და სერიაში 1:0 ხომ დაწინაურდნენ, მოედნის უპირატესობაც მოიპოვეს.
მატჩის გმირი გახდა ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და არა იმიტომ, რომ ყველაზე მეტი – 28 ქულა მიითვალა. გაფრინდაშვილმა ბოლო წუთებზე ჩააგდო ძალიან საჭირო სამქულიანი, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე კავკასიის დამაწინაურებელი ორქულიანიც მიითვალა. გმირის საპირწონედ შეხვედრას ანტიგმირიც ჰყავს – თუმცა კონკრეტულად 1 ადამიანის ანტიგმირად გამოცხადება არასწორი იქნება. გურჯაანელებმა ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა სისრულეში ვერ მოიყვანეს და ეს მატჩის წაგებად დაუჯდათ.
საქმე შემდგომში მდგომარეობს. დელტას თამაში ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა. მატჩის დასრულებამდე 14.4 წამით ადრე მასპინძლები 3 ქულით იგებდნენ და ოთარ ფხაკაძეს საჯარიმოს ხაზიდან უპირატესობის 5 ქულამდე გაზრდა შეეძლო. დელტას უკანახაზელმა 1 სროლა ააცილა, მეორე ჩააგდო და გურჯაანელები 86:82 დააწინაურა. კავკასიამ წუთშესვენება აიღო და გვერდითა ხაზიდან გამოტანილი ბურთი ლევან გოგიჩაიშვილმა პერიმეტრიდან კალათში მოათავსა – 85:86.
ამჯერად გურჯაანელებმა აიღეს წუთშესვენება და თამაშის განახლებისთანავე კავკასიელებმა დროის მოგებისა და შეტევის უფლების მოპოვების მიზნით ტაქტიკური ჯარიმა (მერაბ ბოქოლიშვილზე) აიღეს. ეროვნული ნაკრების გამოცდილმა კალათბურთელმა ორივე სროლა ჩააგდო და დელტა 88:85 დააწინაურა. თბილისელებს 12 წამი დარჩათ და მყისიერად შეტევაში გადავიდნენ. სწორედ აქ დაფიქსირდა მასპინძელთა საბედისწერო შეცდომა, რის გამოც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა წააგო. ცხადია, კავკასიელთაგან სამქულიანის მიღებისა და ანგარიშის გათანაბრების თავიდან ასაცილებლად გურჯაანელებმა ჯარიმის აღება გადაწყვიტეს, რის შედეგადაც სტუმრებს მაქსიმუმ 2 ქულა აეღოთ და შეტევის უფლება დელტასთან გადადიოდა. შეტევაში დაძრულ გრეგ ფარჰემზე ჯარიმა ბოქოლიშვილმა აიღო, თუმცა ამერიკელმა ლეგიონერმა მოასწრო წინ გაქცევა და დამცველის ხელი უკნიდან, მოხვდა. მსაჯებმა არაერთი ვიდეო-გამეორების შემდეგ ბოქოლიშვილს არასპორტული ჯარიმა მისცეს, რაც, კავკასიისთვის მოგების რეალური შანსი იყო.
ფარჰემმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და შეტევა ისევ კავკასიას დარჩა. გვერდითა ხაზიდან შემოტანილი ბურთი გაფრინდაშვილს მიუვიდა, რომელმაც საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე კავკასიელთა დამაწინაურებელი (გამარჯვების) ორქულიანი ჩააგდო – 89:88. დარჩენილ დროში გურჯაანელებმა მოასწრეს სროლა, თუმცა ცაიტნოტში განხორციელებულ შეტევას შედეგი არ მოჰყოლია და კავკასიამ ლამის უიმედო მატჩი მოიგო.
ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა შეხვედრაში 5 სამქულიანი, 5 ორიანი და 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 28 ქულა შეადგინა. ფარზე მაგრად იმუშავა 14 ქულისა და 13 მოხსნის მიმთვლელმა აიზია ელისმა. ჯავაუნ დანიელსმა 13 ქულა დააგროვა, გრეგ ფერფემმა – 11. გურჯაანელთაგან 18-18 ქულა გიორგი ტურძილაძემ და ნიკოლოზ დარბაიძემ მიითვალეს. 13-13 ქულა კი სამმა კალათბურთელმა მოაგროვა – საბა ლობჯანიძემ, ოთარ ფხაკაძემ და ტერი კოლინსმა.
სერიის მე-2 შეხვედრა კვლავ გურჯაანში – 10 მაისს გაიმართება. ფინალში გავა ის გუნდი, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.
Gbf.ge