სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა | 8 საუკეთესო პლეი ოფში დაწყვილდა

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. 11-მა გუნდმა 2 წრედ ითამაშა. ანუ თითოეულმა 20 მატჩი გამართა და დღეს, ბოლო ტურის დასრულების შემდეგ შედეგები დაანგარიშდა, რომლის შედეგადაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გავიდა, მე-9 გუნდმა სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და სეზონი დაასრულა, მე-10 ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციოს ითამაშებს, ხოლო ბოლო, მე-11 გუნდმა სუპერლიგა დატოვა.

ახლა კი მივყვეთ ვის რა ბედი ერგო. რეგულარული ჩემპიონატის დღეს გასამართი ბოლო 3 მატჩის წინ პლეი ოფში გასული რვავე გუნდი იყო ცნობილი. გასარკვევი იყო, ვინ რომელ ადგილს დაიკავებდა და ისიც, საკვალიფიკაციოში მარგვეთი ითამაშებდა თუ ბათუმი. ბათუმმა საკვალიფიკაციო თავიდან აირიდა, რადგან ბოლო მატჩში თსუ-ს მოუგო – 109:79 (სტატისტიკა).

ჩვეულებრივ სიტუაციაში ბათუმელებს თსუ-ს ძლევა გაუჭირდებოდათ, თუმცა დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 3 წამყვანი მოთამაშის გარეშე იყო. პლეი ოფის წინ მწვრთნელთა შტაბმა ლიდერები დაასვენა და ეს გასაგებიცაა: თსუ-ს რეგულარული ჩემპიონატის თითქმის მთელი მეორე წრე ხუთეულის 2-3 მუდმივად წევრი აკლდა. გიორგი ცინცაძემ, ნიკა ჩეჩელაშვილმა, ნოდარ გოგოძემ და ნიკოლა ვუიოვიჩმა როგორც იქნა, მოიშუშეს ტრავმები და მწვრთნელებმა ბოლო ტურის არაფრისმომცემ მატჩში მეტოქეს თავი არ შეაკლეს. თსუ-ს გამარჯვება მხოლოდ იმის შანსს უნარჩუნებდა, რომ ცხრილში პირველ ადგილზე გადასულიყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ლიდერი ქუთაისი რეგულარულის ბოლო მატჩში რაშთან დამარცხდებოდა.

ბათუმს არ გასჭირვებია შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე თსუ-ს ძლევა და ამ გამარჯვებით ზღვისპირელებმა მე-9 ადგილზე მყოფ მარგვეთს გადაასწრეს. ზესტაფონის გუნდი მე-10 ადგილზე დაქვეითდა და დებულების თანახმად, სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდში “ა” ლიგის ფინალისტთან მოუწევს ბრძოლა. მარგვეთისა და “სოხუმი-საქართველოს” საკვალიფიკაციო სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული სუპერლიგის 2024-2025 წლების სეზონის საგზურს დაეპატრონება.

ბათუმი-თსუ-ს მატჩამდე კავკასიისა და გაუ-ს შეხვედრა გამართა. ამ მატჩის ინტრიგა მინიმალური იყო. გაუ ნებისმიერი შედეგი შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატს მე-4 ადგილზე ასრულებდა და მისი მეტოქეც ცნობილი იყო – მეხუთეადგილოსანი ტყიბულის “ორბი”. კავკასიას კი წაგების შემთხვევაში მე-8 ადგილი ერგებოდა, ხოლო რომ მოეგო, მე-7-ზე ჯდებოდა და ამ ადგილს საბოლოოდ შეინარჩუნებდა, ბოლო მატჩში “რაშს” “ქუთაისთან” რომ წაეგო. საბოლოოდ ასეც მოხდა. კავკასიამ გაუ 87:79 (სტატისტიკა) დაამარცხა და მე-7 ადგილზე განთავსდა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ქუთაისი პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით აგებდა რაშთან, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში აჯობა და საბოლოოდ 106:99 (სტატისტიკა) იმარჯვა. შედეგად, რაში მე-8 ადგილზე განთავსდა და მეოთხედფინალში ქუთაისს შეხვდება. საბოლოოდ ცხრილმა და პლეი ოფის წყვილებმა აქ წარმოდგენილი სახე მიიღეს:

პლეი ოფი 19 აპრილიდან დაიწყება, კალენდარი კი 15 აპრილს გამოქვეყნდება.