შერმადინის 8 ქულა, 6 მოხსნა და ტენერიფეს იოლი გამარჯვება პალენსიაში
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლენოვო ტენერიფემ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და რეკორდსმენი წევრი გიორგი შერმადინია. ამჯერად გიორგი არ გამხდარა MVP, თუმცა მისმა გუნდმა გასვლაზე იოლი გამარჯვება მოიპოვა და ქართველი ცენტრიც მწვრთნელმა დიდად არ დატვირთა.
ტენერიფე სტუმრად “ზუნერ პალენსიას” შეხვდა და უმაღლესი ლიგის დებიუტანტი 21 ქულით – 89:68 დაამარცხა. შერმადინმა არასრული 21 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
საუკეთესო ამჯერად კაილი გაი გახდა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. ტენერიფეს კიდევ ერთმა რეკორდსმენმა, ესპანურ ლიგაში ყველაზე მეტი პასის გამცემმა მარსელინიო ჰუერტასმა 10 ქულა და 11 პასი მოაგროვა.
17 მოგებითა და 10 მარცხით ტენერიფე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე აღზევდა. შემდეგ მატჩს ტენერიფე 7 აპრილს, შინ ხირონასთან ჩაატარებს.