მამუკელაშვილისა და ბითაძისთვის სეზონი ერთ დღეს დასრულდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორივე ქართველი ლეგიონერის გუნდმა პლეი-ოფის მე-7, ფინალური დაპირისპირება დათმო და გათამაშებას გამოეთიშა. „ტორონტომ“ სტუმრად „კლივლენდთან“ წააგო — 102:114, ხოლო „ორლანდო მეჯიქი“ დეტროიტში „პისტონსთან“ დამარცხდა — 94:116.
სანდრო მამუკელაშვილი „კავალიერსის“ წინააღმდეგ
„კლივლენდთან“ გამართულ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 9 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულის დაგროვება მოახერხა. მან 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, თუმცა პერიმეტრიდან შესრულებული ორივე ტყორცნა და ერთი საჯარიმო არაზუსტი გამოდგა.
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა. თუ პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე მინიმალური სხვაობა (51:49 „ტორონტოს“ სასარგებლოდ) ფიქსირდებოდა, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა იფეთქეს. მესამე მეოთხედი „კავალერსმა“ 38:19 მოიგო, რაც სტუმრებისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.
რაც შეეხება შედეგიანობას, „ტორონტოს“ რიგებში 24 ქულითა და 9 მოხსნით სკოტი ბარნსი გამოირჩა, 23 ქულა კი არ ჯეი ბარეტმა დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ მიტჩელმა 22, ხოლო ჰარდენმა 18 ქულა ჩააგდეს, „კავალიერსის“ ლიდერებისგან გადამწყვეტ თამაშში უფრო მეტს მოელოდნენ. ახლა „კლივლენდი“ ნახევარფინალში სწორედ „დეტროიტს“ დაუპირისპირდება.
ბითაძე მე-7 მატჩში არ ათამაშეს — „ორლანდოს“ დრამა დეტროიტში
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქისთვის“ სეზონი დეტროიტში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდელები სერიას 3:1-ს იგებდნენ, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მეშვიდე შეხვედრაში „პისტონსთან“ იოლად, 94:116 დამარცხდნენ.
ჯამალ მოსლიმ გადამწყვეტ ბრძოლაში ძირითადი აქცენტი სასტარტო ხუთეულზე გააკეთა, გოგა ბითაძე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა (DNP).
სერიის ბედი, სავარაუდოდ, წინა დაპირისპირებაში გადაწყდა, როდესაც „მეჯიქი“ პირველ ტაიმს დიდი სხვაობით იგებდა, თუმცა ჩააგდო მეორე ნახევარი და „პისტონსს“ შანსი მისცა. ფსიქოლოგიური უპირატესობა მასპინძლებმა მე-7 მატჩშიც გამოიყენეს — მეორე პერიოდი მათ 40:27 მოიგეს და თამაშზე კონტროლი დაამყარეს.
დღევანდელ შეხვედრაში პაოლო ბანკერო ბოლომდე იბრძოდა (38 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი), მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. „დეტროიტის“ მხრიდან ბრწყინავდნენ კეიდ კანინგემი (32 ქ. 12 პ.) და ტობიას ჰარისი (30 ქ. 9 მ.).
მიუხედავად იმისა, რომ „დეტროიტი“ პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტად ითვლებოდა, მერვე ნომერმა „ორლანდომ“ მათ უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია და სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა.