გადამწყვეტი 81-ე წუთი და ვაწაძე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა გაგრას მოუგო. მერამდენედ, დინამოს მხსნელად მოევლინა მათე ვაწაძე, გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა.

გაგრა 1:2 დინამო თბ 

დინამოელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ეს თამაში რომ ვერ მოეგოთმ შანსი ძალიან შეუმცირდებოდათ. გაგრა კი მეცხრე ადგილზეა და პლეიოფში მოუწევს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი 36-ე წუთზე დაწინაურდა. გიორგი ხარაიშვილის გამოზომილ პასს მოჰყვა ალგასიმე ბას გამოზომილი დარტყმა და 0:1. 

გაგრამ მეორე ნახევარში გურამ გოშთელიანის კარგი შესრულებით გაათანაბრა: გოშთელიანმა დაიწყო შეტევა, ჯერ  ილია სკრიპნიკთან, მერე პედრო ბორჟესთან გაათამაშა კედელი და ზუსტად დაარტყა – 1:1.

გაგრას კიდევ სამი მშვენიერი შანსი ჰქონდა. აი, მე-80 წუთზე დინამოელები ხარიხამ იხსნა, თუმცა კონტრშეტევაძე თბილისელებმა წამოიღეს ბურთი, ბოლოს კი უელტონ კარვალიოს დაბალ პასს მოჰყვა მათე ვაწაძის დარტყმა და მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმაც მოგერიება ვეღარ შესძლო – 1:2. 

ეს ვაწაძის მეათე გოლია მიმდინარე სეზონში. დინამოელთა ფორვარდმა უკვე მერამდენედ გადამწყვეტ დროს გაიტანა.

წყარო: erovnuliliga.ge