საქართველო 0:2 უნგრეთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. 

შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გადამწყვეტი უპირატესობა სტუმრებმა მატჩის ბოლო 20 წუთში მოიპოვეს.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. 

რამაზ სვანაძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ვთვლი, რომ ასეთი კარგი პირველი ტაიმი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დიდი ხანია არ ჰქონია. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს გოლი ვერ მოვაყოლეთ. წინა მატჩებში მომენტების სიმწირე გვქონდა, დღეს კი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, პირიქით იყო — არაერთი კარგი შესაძლებლობა შევქმენით. მეორე ტაიმის დასაწყისშიც გვქონდა ორი ძალიან კარგი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულებულიყო გატანილი გოლით. როდესაც მოწინააღმდეგესთან ორი ერთზე რჩები და შეტევას მოედნის ცენტრიდან იწყებ, ეს ეპიზოდი მინიმუმ კარში დარტყმით მაინც უნდა დაასრულო. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და მისი გამოსწორება ჩვენზეა დამოკიდებული. პრობლემა ჩვენშია და ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ.

ვფიქრობ, გამოსავალი გამარჯვებაა. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიგოთ, რადგან ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. თითქოს რწმენა დავკარგეთ, თუმცა კარგად ვიცით, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ ჩავარდნა გვაქვს და რთულ პერიოდს გავდივართ. ამას ემატება დანაკლისიც – გვაკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელთა ყოფნაც სიტუაციას გარკვეულწილად შეცვლიდა. მიუხედავად ამისა, დღეს მოედანზე გვყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც საშემსრულებლო ოსტატობა ნამდვილად არ აკლიათ. წინ კიდევ ერთი ძალიან რთული მატჩი გველოდება და ვეცდებით, სასიკეთოდ შევცვალოთ ის პროცესი და სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.

როდესაც ამ თანამდებობაზე მოვედი, კარგად ვიცოდი, სად მოვდიოდი და რა სირთულეებსა და წნეხს უნდა შევხვედროდი. მზად ვარ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ეს სიტუაცია. ეს ჩავარდნა ჩემი მოსვლის შემდეგ არ დაწყებულა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. დანარჩენი უკვე ჩვენი საქმეა – ჩემი, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების.

რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი მოტივაცია, ვიდრე ქვეყნის სახელით თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი მატჩია გოლი არ გაგვიტანია და გამარჯვებაც არ მოგიპოვებია. ამიტომ მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია. ფეხბურთელებსა და მთლიან გუნდზე დიდი წნეხია, თუმცა ვცდილობთ, ამას გავუმკლავდეთ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კიდეც. ეს იქნება ჩვენი მთავარი მოტივაცია უკრაინასთან მატჩში.“

ოთარ კაკაბაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. უნგრეთის ნაკრების შეცდომების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში გარკვეულ ეპიზოდებში მოვეშვით და ამის გამო დავისაჯეთ. ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ.

გულშემატკივრები მოდიან იმის მიუხედავად, რომ შედეგი არ გვაქვს, სტადიონი ივსება და ისინი კვლავ გვქომაგობენ. მინდა, ასეთი შედეგისთვის ბოდიში მოვუხადო. ვეცდებით, მდგომარეობა გამოვასწოროთ.“

წყარო: nakrebi.ge